პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი კომისარი მიიწვიეს. აქამდე სანაკრებო დონეზე კონტინენტის პირველობაზე ქართველ კომისარს არ უმუშავია და ეს პატივი წილად ხვდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ფიბა-ს კომისარ მერაბ რატიშვილს, რომელიც ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მოემსახურება. ამასთან, წლეულს პირველად ხდება, რომ საქართველოს მოქმედი ყველა ფიბა-ს არბიტრი თუ კომისარი ზაფხულში სანაკრებო პირველობებზეა დაკავებული.
- საკმაოდ მოულოდნელი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატიდან მოწვევა მივიღე. აქამდე ეროვნული ნაკრებების დონეზე რამდენიმე შესარჩევ მატჩზე მიმუშავია, თუმცა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა – გვითხრა მერაბ რატიშვილმა, რომელსაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.
- როგორია კომისრის მუშაობის სპეციფიკა ფინალურ ეტაპზე და რომელი მატჩების მომსახურება მოგიწევთ?
- ასაკობრივ ჩემპიონატებს 4 კომისარი ემსახურება, საიდანაც 1 მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელია, დანარჩენი 3 კი იმ ქვეყნების, რომლებიც ტურნირში არ მონაწილეობენ. 18-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონს
- ქართველი მსაჯი არაა მიწვეული 18-წლამდელთა პირველობაზე?
- კონკრეტულად 18-წლამდელების ფინალურ ეტაპზე არა, მაგრამ ქართველი მსაჯები სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ტურნირებს მოემსახურნენ და მოემსახურებიან ამ ზაფხულში. პირველად ხდება, რომ ზაფხულში ყველა მოქმედი ქართველი მსაჯი და კომისარი ევროპის ჩემპიონატებზე არიან დაკავებულნი.
- და მათ შორის ეროვნული ნაკრებების დონეზეც...
- რა თქმა უნდა. მაკა კუპატაძემ უკვე იმსაჯა ევროპის ქალთა ჩემპიონატზე და დიდი წარმატება იყო, როცა მას ამ ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩი ანდეს. ამჟამად, მაკა თურქეთში მიმდინარე 20 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს მსაჯობს, ხოლო აგვისტოში 18 წლამდე გოგონათა კონტინენტის პირველობაზე იქნება დაკავებული.
- ევრობასკეტ 2013-ზე კვლავ დავით ბერეკაშვილი იმუშავებს?
- დიახ, დავითს ზედიზედ მეორედ უწევს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მსაჯობა. იგი ამჟამად ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მუშაობს, რომელიც ესტონეთში მიმდინარეობს და სადაც საქართველოც მონაწილეობს.
- ბარემ დანარჩენი ქართველი მსაჯების ევროგანრიგზეც გვითხარით...
- ზაზა მაჩალაძე 18-28 ივლისს მაკედონიაში გასამართ 18-წლამდელთა B დივიზიონის მატჩებს მოემსახურება. პირველი საერთაშორისო გამოცდა ელით ირაკლი და დავით ბერიშვილებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მიიღეს ფიბა-ს არბიტრის ლიცენზია. ირაკლი აგვისტოში, კიევში გასამართ 16-წლამდე ვაჟების A დივიზიონის მატჩებს მოემსახურება, ხოლო დავითი საქართველოს ნაკრებს გაჰყვება ბოსნიაში, სადაც 16-წლამდელთა B დივიზიონში იმსაჯებს.
- ქართველი მსაჯ-კომისრების ასეთი დატვირთულობა მათი კვლიფიკაციის ამაღლების შედეგია?
- რა თქმა უნდა, რაც დრო გადის და საერთაშორისო ასპარეზზე უწევთ მუშაობა, ქართველი მსაჯ-კომისრების კვალიფიკაცია მაღლდება და შესაბამისად, ფიბა-ევროპისგან ნდობაც იზრდება.
www.gbf.ge