მოგეხსენებათ, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების უმეტესობამ საშუასეზონო სამზადისისას უცხოურ, კერძოდ, თურქული შეკრებებიც დაგეგმა. გამონაკლისი „კოლხეთი“, „მერანი“ და „ვიტ ჯორჯიაა“. ამ სამიდან მხოლოდ „ვიტ ჯორჯიასი“ გაგვკვირვებია. ბოლო 9 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა კლუბმა უცხოურ შეკრებას აარიდა თავი და „მცხეთა პარკიდან“ გაუსვლელად გადის წვრთნას.
გუშინ „ „ვიტ ჯორჯიას“ ვარჯიშს დავესწარით და გუნდის თავკაცს მერაბ კოჭლაქშვილს გავესაუბრეთ.
- ტრადიცია დაარღვიეთ, უცხოურ შეკრებაზე არ გაემგზავრეთ, რას მივაწეროთ ეს ამბავი?
-კლუბის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მონდომება იყოს და ადგილზეც კარგად მოემზადები. 11 იანვარს შევიკრიბეთ და მას შემდეგ მცხეთაში ვვარჯიშობთ . საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ.
- რა ცვლილებებია გუნდში?
- საკონტრაქტო ვადა 3 ფეხბურთელს დაუმთავრდა. დაგვტოვეს ბესიკ ჩიმაკაძემ, ბექა ზაქრაძემ და რევაზ ღანიაშვილმა. მარტვილის „მერანიდან“ მოვიწვიეთ ნახევარმცველი გიორგი მჭედლიშვილი , დაგვიბრუნდა გიორგი ჯანელიძე. სულ ეს არის.
- საკონტროლო თამაშები საკმარისად ჰქონდათ...
- 5 ტესტ-მატჩი გავმართეთ და კიდევ ორს ვაპირებთ. მოვუგეთ სტუ-ს -3:0, „ჩიხურას“ -2:1 და „გაგრას“ -2:0, ხოლო „დილასთან“ და „მეტალურგთან“ ერთნაირი ანგარიშით -1:2 დავმარცხდით. გუნდი თანდათან იკრებს კონდიციებს. ვფიქრობ, სეზონის განახლებას მზადყოფნაში შევხვდებით.
- უმაღლესი ლიგიდან გასავარდნი არაფერი გჭირთ...
- შეიძლება ასეცაა, მაგრამ სიფხიზლე გვმართებს, პლეი აუტში მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ.
- და თასზე?
- 26 თებერვალს მერვედფინალის პირველი მატჩი გვაქვს ცხინვალის „სპარტაკთან“, 4 დღეში კი განმეორებითი. ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ და მეტიც გვინდა. ჩვენ რეალურად შეგვწევს თასისათვის ბრძოლის უნარი. ამას საქმით დავამტკიცებთ. თასი უნდა მოვიგოთ.
იუზა კაციტაძე მცხეთიდან
ავტორის ფოტოები