თბილისში დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მძლეოსნობაში მესამე ლიგის გუნდებს შორის. ისინი მეორე ლიგის ორი საგზურისთვის იბრძოდნენ. ასპარეზობას, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობდა „დინამო არენა“ და დიღომში მდებარე მძლეოსნობის ახალი სტადიონი მასპინძლობდა. პირველ-მეორე ადგილზე კვიპროსი და ისლანდია გავიდნენ, რომლებმაც მეორე ლიგის საგზური მოიპოვეს და მომდევნო ჩემპიონატში აღნიშნულ ლიგაში იასპარეზებენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი სუსტად გამოვიდა და მხოლოდ მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიისთვის განცხადება ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის დელეგატმა კარელ ჰილნმა, ევროპის მძლეოსნობის პროექტების ხელმძღვანელმა პიტერ სტაფორდმა და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა გააკეთეს.
ჰილნი: „მადლობა ყველას ვინც აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა და ვინც მის გაშუქებას ემსახურებოდა. ინდივიდუალური თამაშები ბევრად განსხვავდება გუნდური თამაშებისაგან. ინდივიდუალურში ესა თუ ის სპორტსმენი პირადი ინტერესებისთვის იბრძვის, გუნდურში კი მთავარი საერთო ინტერესია, რადგან მთლიანობაში გუნდური შედეგი ჯამდება. დიდი მადლობა საორგანიზაციო კომიტეტსა და ფედერაციას, რომლებმაც კარგად გაართვეს თავი და ტურნირი კარგად ჩაატარეს. ერთადერთი პრობლემა ტექნიკური მხარე იყო, რომელიც იმედია მომავალში გამოსწორდება. მხედველობაში მაქვს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს“.
სტაფორდი: „ვეთანხმები ბატონ ჰილნს, რომ ასპარეზობის ტექნიკური მხარე მოისუსტებდა. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნება“.
ახვლედიანი: „უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ საბოლოოდ, მე-7 ადგილით დავკმაყოფილდით. მოსალოდნელზე ბევრად უარესი შედეგი აჩვენეს გოგოლაძემ და ილარიანმა, რომლებისაგანაც თავიანთ სახეობებში პირველ ადგილს ველოდით. მადლობა მასმედიას, რომლებიც ორი დღის განმავლობაში კარგად აშუქებდნენ ჩემპიონატს“.
გთავაზობთ ქვეყნების მიერ ნაჩვენებ შედეგებს:
1 - კვიპროსი (495 ქულა)
2 - ისლანდია (487)
3 - ისრაელი (471.5)
4 - მოლდოვა (446)
5 - აზერბაიჯანი (363)
6 - ლუქსემბურგი (357)
7 - საქართველო (334.5)
8 - ბოსნია (323)
9 - ჩერნოგორია (278)
10 - მალტა (258)
11 - სომხეთი (249.5)
12 - ალბანეთი (164)
13 - მაკედონია (162.5)
14 - აასსე (სან მარინო, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი) (150
15 - ანდორა (126)