წლევანდელი ბრილიანტის ლიგის მეორე ეტაპზე, რომელიც შანხაიში გაიმართა, მძლეოსნებმა სეზონის 9 საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ეტაპის 4 რეკორდი დაამყარეს. ამათგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 23 წლის ჩინელი სიგრძეში მხტომელის, ჩინჩე ლის, სენსაციური გამარჯვება.
ლი, რომლის ყველაზე დიდ მიღწევასაც აქამდე 2009 წელს აზიის ჩემპიონატის მოგება წარმოადგენდა, მეოთხე ცდაზე 8,34 მეტრზე გადახტა და სხვებთან ერთად ერთბაშად სამი ოლიმპიური ჩემპიონი – ბრიტანელი გრეგ რეზერფორდი (2012), პანამელი ირვინგ სალადინო (2008) და ამერიკელი დუაიტ ფილიპსი (2004) – ჩამოიტოვა.
ლის 4 სმ დააკლდა ჩინეთის რეკორდის გამეორებამდე, რომელიც ჩიანფენ ლაომ 1997
შეგახსენებთ, რომ ამ დისციპლინაში მსოფლიო რეკორდი - 8,95 მ – ამერიკელ მაიკ პაუელს ეკუთვნის.
ვაჟთა შორის 400 მეტრზე რბენაში მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, 20 წლის გრენადელმა კირანი ჯეიმსმა 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონსა და 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონს, 26 წლის ამერიკელ ლაშონ მერიტს ფინიშის სწორზე გაუსწრო და სეზონის საუკეთესო შედეგით იმარჯვა - 44,02 წმ. ამ რეზულტატით მან იმავდროულად კიდევ ერთი სახელოვანი ამერიკელის – 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონისა და 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონ ჯერემი უორინერის მიერ საკუთრივ შანხაიში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი გაიმეორა.
110 მეტრზე თარჯრბენში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიო რეკორდსმენმა არის მერიტმა რბოლა პირველ წინაღობასთან მიახლოებისთანავე შეწყვიტა – მარჯვენა ფეხი მას უკვე მოთელვისას აწუხებდა და იგიც ტრავმის გართულებას მოერიდა. გარბენი კი 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ამერიკელმა ჯეისონ რიჩარდსონმა მოიგო – 13,23 წმ.
ტრავმით დაასრულა თავისი გამოსვლა ქალთა შორის 100 მეტრზე რბენაში 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და 2012 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნმა, 33 წლის ამერიკელმა კარმელიტა ჯეტერმა. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელი მეტრები კოჭლობით დაფარა და სარბენი ბილიკებიდან საკაცით შეიქნა გასაყვანი, გარბენში მან მაინც მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვება კი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონმა, 26 წლის იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა მოიპოვა სეზონის საუკეთესო შედეგით - 10,93 წმ.
მძლეოსანთა ტრავმიანობა ალბათ იმანაც განაპირობა, რომ შანხაიში წინა დღეების მანძილზე გადაუღებლივ წვიმდა და სპორტსმენებს ჯერაც ხეირიანად მოუმშრალ ბილიკებზე მოუხდათ სირბილი.
ქალთა შორის 5 კილომეტრზე რბენაში 22 წლის ეთიოპელმა გენზებე დებაბამ უკანასკნელ 200-მეტრიან მონაკვეთზე განხორციელებული მძლავრი აჩქარების წყალობით აჯობა 30-ს მიტანებულ სახელოვან თანამემამულეს, 2004 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულ მესერეტ დეფარს და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 14.45,92.
ვაჟთა შორის შუბის ტყორცნაში პირველობისთვის ძირითადი ბროლა, ისევე როგორც ერთი კვირის წინ დოჰაში, ამჯერადაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონ ჩეხ ვიტეზსლავ ვესელისა და 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონ ფინელ ტერო პიტკემეკის შორის გაიმართა. დოჰაში ჩეხმა იმარჯვა, შანხაიში კი გამარჯვება ფინელს ხვდა წილად – მან შუბი 87,60 მეტრზე ტყორცნა და სეზონის საუკეთესო შედეგი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 1,2 მეტრით გააუმჯობესა.
ვესელისა და პიტკემეკის არ იყოს, დოჰაში დაწყებული რკენა შანხაიში გააგრძელეს და იქ მოპოვებული ადგილები აქ ერთმანეთს გაუცვალეს სიმაღლეში მხტომელებმა – ყატარელმა მუტაზ ესა ბარშიმმა და უკრაინელმა ბოგდან ბონდარენკომაც. ორივე 2,33 მეტრზე შემოდებულ თამასას გადაევლო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბარშიმმა ეს პირველსავე ცდაზე მოახერხა, ბონდარენკომ კი – მხოლოდ მეორეზე.
ქალთა შორის ჭოკით ხტომაში პირველობა არავის დაუთმო 2004-08 წლების ოლიმპიურმა და 2005-07 წლების მსოფლიო ჩემპიონმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა ელენა ისინბაევამ. 30 წლის რუსი სეზონს, როგორც წესი, ივნისის შუა რიცხვებიდან იწყებდა ხოლმე, მაგრამ, რაკიღა უკვე დიდი ხანია, დიდ შეჯიბრებებზე ვეღარ ბრწყინავს და სურს, რომ მოსკოვში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც იასპარეზოს წარმატებით, სეზონის დაწყება უკვე ახლავე არჩია. და, მართალია, იმარჯვა კიდეც – 4,70 მ სიმაღლე აიღო – მაგრამ შემდეგ, როცა 4,85 მეტრის აღებას ლამობდა, გარბენისას ფეხი იტკინა და ეტაპის საკუთარივე რეკორდის გამეორება ვეღარ შეძლო.
ლიგის მომდევნო ეტაპი 25 მაისს ნიუ-იორკში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში 14 ეტაპად ტარდება - აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1. ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.
ბრილიანტის ლიგა. 2013
მე-2 ეტაპი. შანხაი. 18 მაისი
მრ – მსოფლიო რეკორდი
სსშ – სეზონის საუკეთესო შედეგი
ერ – ეტაპის რეკორდი
კაცები
ბადროს ტროცნა
1. პიოტრ მალახოვსკი (პოლონეთი) 67,34
2. გერდ კანტერი (ესტონეთი) 63,14
3. რობერტ ურბანეკი (პოლონეთი) 62,85
შუბის ტყორცნა
1. ტერო პიტკემეკი (ფინეთი) 87,60 (სსშ, ერ)
2. ვიტეზსლავ ვესელი (ჩეხეთი) 86,67
3. დმიტრი ტარაბინი (რუსეთი) 85,36
საერთო ჩათვლა ორი ეტაპის შემდეგ
პიტკემეკი – 6 ქულა
ვესელი – 6 ქ
ტარაბინი – 1 ქ
ანდრეას თორკილდსენი (ნორვეგია) – 1 ქ
სიმაღლეზე ხტომა
1. მუტაზ ესა ბარშიმი (ყატარი) 2,33 (ერ)
2. ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა) 2,33 (ერ)
3. გოუვეი ჩანი (ჩინეთი) 2,27
საერთო ჩათვლა ორი ეტაპის შემდეგ
ბარშიმი – 6 ქულა
ბონდარენკო – 6 ქ
ალეკსანდრ შუსტოვი (რუსეთი) – 1 ქ
ჩანი – 1 ქ
სიგრძეზე ხტომა
1. ჩინჩე ლი (ჩინეთი) 8,34 (სსშ)
2. ალეკსანდრ მენკოვი (რუსეთი) 8,31
3. გრეგ რეზერფორდი (ბრიტანეთი) 8,08
110 მ. თარჯრბენი
1. ჯეისონ რიჩარდსონი (აშშ) 13,23
2. რაიან უილსონი (აშშ) 13,25
3. ვენჩუნ შიე (ჩინეთი) 13,28
200 მ.
1. უორენ უერი (იამაიკა) 20,18
2. ჯასტინ გეტლინი (აშშ) 20,21
3. ჯეისონ იანგი (იამაიკა) 20,22
400 მ.
1. კირანი ჯეიმსი (გრენადა) 44,02 (სსშ, ერ)
2. ლაშონ მერიტი (აშშ) 44,60
3. ლუგელინ სანტოსი (დომინიკელთა რ-ა) 45,11
1500 მ.
1. ასბელ კიპროპი (კენია) 3.32,39
2. მეკონენ გებრემედინი (ეთიოპია) 3.32,43
3. კოლინზ ჩებოი (კენია) 3.32,96
3000 მ. სტიპლჩეიზი
1. კონსესლუს კიპრუტო (კენია) 8.01,16 (სსშ, ერ)
2. პოლ კიპსიელე კიოჩი (კენია) 8.02,63
3. ჰილარი კიპსანგ იეგო (კენია) 8.03,57
ქალები
ბირთვის კვრა
1. კრისტინა შვანიცი (გერმანია) 20,20
2. ლიჩიაო გონგი (ჩინეთი) 19,73
3. მიშელ კარტერი (აშშ) 18,83
სამხტომი
1. კატერინ იბარგენი (კოლუმბია) 14,69 (სსშ)
2. ოლგა სალადუხა (უკრაინა) 14,43
3. ირინა გუმენიუკი (რუსეთი) 14,02
ჭოკით ხტომა
1. ელენა ისინბაევა (რუსეთი) 4,70
2. მერი საქსერი (აშშ) 4,60
3. სილკე შპიგელბურგი (გერმანია) 4,55
100 მ.
1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) 10,93 (სსშ)
2. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 11,00
3. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) 11,08
400 მ. თარჯრბენი
1. ზუზანა ჰეინოვა (ჩეხეთი) 53,79 (სსშ)
2. ანგელა მოროსანუ (რუმინეთი) 53,85
3. იადისლეიდი პედროსო (იტალია) 54,54
800 მ.
1. ფრანსინ ნიონსაბა (ბურუნდი) 2.00,33 (სსშ)
2. ჯანეტ ჯეპკოსგეი (კენია) 2.01,28
3. მალიკა აკაუი (მაროკო) 2.01,49
5000 მ.
1. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) 14.45,92 (სსშ)
2. მესერეტ დეფარი (ეთიოპია) 14.47,76
3. ვიოლა ჯელაგატ კიბივოტი (კენია) 14.48,29