კალათბურთი

13:22 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მემფისი" და "ინდიანა" გალიდერდნენ

 

"მემფისი" განაგრძობს წარმატებულ სვლას ნბა-ს მიმდინარე პლეი ოფში. ლაიონელ ჰოლინზის დამოძღვრილმა გუნდმა საკუთარ არენაზე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ჩემპიონობის ერთერთ ფავორიტად შერაცხული "ოკლაჰომა" 87:81 და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა.

"გრიზლიმ" პირველივე წუთებიდან მეტოქეს დაბალი სათამაშო ტემპი და პოზიციური შეტევები მოახვია თავს. მარკ გასოლი და ზაკ რენდოლფი ტრადიციულად ძალიან აქტიურები გახლდნენ 3-წამიან ზონაში, მაიკლ კონლი კარგად ართმევდა თავს "დირიჟორის" ფუნქციას, ტაიშონ პრინსი და ტონი ალენი კი ძირითადად დაცვაზე გახლდნენ ორიენტირებულნი და აჩრდილებივით დასდევდნენ კევინ მარტინს და "დურანტულას".

"ოკლაჰომა" კი მხოლოდ დურანტის ინდივიდუალურ ქმედებებზე გახლდათ დამოკიდებული. როდესაც "თანდერის" ვარსკვლავს მისდიოდა თამაში, სტუმრები თანაბრად ეთამაშებოდნენ მეტოქეს, მაგრამ მეოთხე მეოთხედის ბოლოს კევინს დაღლა დაეტყო, მან რამდენიმე იოლი ბურთი ვერ ჩააგდო, უკანასკნელ წამებზე კი საჯარიმო ხაზიდან ორივე ტყორცნა ააცილა და ამით, საკუთარ გუნდს წარმატებაზე ფიქრის ყოველნაირი შანსი გაუქრო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "მემფისის" ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი გახდა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა გახლდათ. "თანდერის" რიგებში კი გამორჩეული რაღა თქმა უნდა კევინ დურანტი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 25 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

მიმდინარე პლეი ოფში "მემფისს" საკუთარ FEDEX FORUM-ზე ჯერჯერობით მატჩი არ წაუგია (4:0).

"გრიზლის" 18 თებერვლის შემდეგ საკუთარ არენაზე 18 მატჩი აქვს მოგებული და მხოლოდ ერთი მარცხი ნაწვნევი.

მიმდინარე პლეი ოფში გუნდი რომელიც სერიაში 2:1-ით დაწინაურდება, ის 82,1% ალბათობით გადის შემდეგ ეტაპზე.

"ოკლაჰომას" სათადარიგო გამთამაშებელმა რეჯი ჯექსონმა, რომელიც ტრავმირებულ რას ვესტბრუქსს ცვლის ძირითად ხუთეულში, კარიერაში პირველად დააგროვა 10 მოხსნა.

"თანდერმა" თითქმის ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე, თუმცა შეხვედრა მაინც დათმო: მოხსნები - 51:44, შეტევაში მოხსნები - 14:5, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ აღებული ქულები - 23:7, სამწამიანი ზონიდან აღებული ქულები - 44:30, დაკარგვები - 12:11.

"ინდიანამ" Bankers Life Fieldhouse-ზე როი ჰიბერტისა და დევიდ ვესტის დამაჯერებელი თამაშის წყალობით მწირქულიან მატჩში მოახერხა "ნიუ იორკ ნიქსის" დამარცხება 82:71 და სერიაში ლიდერობაც დაიბრუნა - 2:1.

თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი ტაიმის შემდეგ ფრენკ ვოგელის შეგირდებმა ძირითადი აქცენტი 3-წამიანი ზონის მაქსიმალურად დატვირთვაზე გადაიტანეს, რამაც შედეგი მყისიერად მოიტანა. ვერც ტაისონ ჩენდლერმა და ვერც ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ამარე სტადემაირმა ვერაფერი მოუხერხეს "პეისერსის" მაღლებს. კვლავ ძალიან ცუდი სიზუსტით ისროდნენ თამაშიდან კარმელო ენტონი (6-16) და ჯეი არ სმიტი (4-12). ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, მასპინძლებმა მაღალ დონეზე ჩატარებული მესამე მეოთხედის შემდეგ 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც შემდეგ საფინალო სირენამდე წარმატებითაც შეინარჩუნეს.

შეხვედრის MVP  როი ჰიბერტი გახდა, 24 ქულით და 12 მოხსნით. "ნიქსის" რიგებში კი ერთადერთი მოთამაშე რომელმაც 10 მოხსნის დაგროვება მაინც შეძლო, უკანახაზელი აიმან შამპერტი (8 ქულა) გახლდათ.

 

ინდიანა - ნიუ იორკი 82:71 (18:15, 18:18, 26:20, 20:18)

ინდიანა: ჰილი (17), სტივენსონი (8), ჰიბერტი (24+12მ), ვესტი (11+12მ), ჯორჯი (14+8მ+8პ+5ჩ); ტ. ჰენსბრო (3), იანგი, ოგუსტინი (3), მაინმი (2), ბ. ჰენსბრო, ჯონსონი

ნიუ იორკი: ფელტონი (6), პრიჟიონი, ჩენდლერი (9), ენტონი (21), შამპერტი (8); სმიტი (9), კიდი, მარტინი (8), სტადემაირი (7), ნოვაკი, რიჩარდსონი, კოუპლენდი

ინდიანა იგებს სერიას 2:1

 

მემფისი - ოკლაჰომა 87:81 (22:18, 22:27, 22:15, 21:21)

მემფისი: კონლი (14), ალენი (14), გასოლი (20), რენდოლფი (8), პრინსი (2); პოინდექსტერი (9), არტური (4), ბეილისი (11), დულინგი (5)

ოკლაჰომა: ჯექსონი (16+10მ), სეფალოშა (2), პერკინსი (2), იბაკა (13+10მ), დურანტი (25+11მ+5პ); კოლისონი (2), მარტინი (13), ფიშერი (8), ლიგინსი

მემფისი იგებს სერიას 2:1

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150896