“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ აქამდეც არაერთხელ დაწერილა. არგენტინელი სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელად არაერთი კანდიდატურა დასახელდა. დღეს, კატალონიურმა Mundo Deportivo-მ ახალი ოთხეული შემოგვთავაზა, რომელსაც ლუის ენრიკე, პაკო ხემესი, ერნესტო ვალვერდე და ფრანკ დე ბური შეადგენენ.
ბოლო დროს, ტატა მარტინოს მომავალთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ზოგი წყაროს ცნობით, არგენტინელმა კლუბის ზაფხულში დატოვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ მიიღო. სხვა ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მარტინო “ბარსელონადან” იმ შემთხვევაში წავა, თუ გუნდი უტიტოლოდ დარჩება, რასთანაც კატალონიელები ძალიან ახლოს არიან. კიდევ ერთი ინფორმაციით, მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას “ბარსას” ხელმძღვანელობა აპირებს. ამ ცნობებს საერთო ის აქვთ, რომ ნებისმიერი მათგანის გამართლების შემთხვევაში, მარტინოსა და “ბარსელონას” გზები გაიყრება.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, 51 წლის სპეციალისტის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი ერნესტო ვალვერდეა, რომელსაც “ბარსელონას” პირველად არ უკავშირებენ. მისმა სახელმა 2012 წელს, პეპ გვარდიოლას შემცვლელთა შორის გაიჟღერა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ვალვერდეს უკვე ვილანოვას პოტენციურ შემცვლელად მოიხსენიებდნენ. 50 წლის ესპანელი სპეციალისტი, ამჟამად, “ბილბაოს” წვრთნის და ბასკურ გუნდს, დიდი ალაბთობით, ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.
მარტინოს შეცვლის კიდევ ერთი კანდიდატი ლუის ენრიკეა, რომელიც “ბარსელონას” ძალიან კარგად იცნობს. მან საფეხბურთო კარიერა კატალონიურ კლუბში დაამთავრა, ხოლო მწვრთნელობა “ბარსა ბ”-ში დაიწყო. ენრიკე “სელტას” წვრთნის და წარმატებითაც – ვიგოელებს გასავარდნ ზონასთან 6 ქულა აშორებთ.
ლუის ენრიკეს მსგავსად, “ბარსელონას” კარგად იცნობს ფრანკ დე ბური, რომელიც კატალონიურ კლუბში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. ჰოლანდიელი სპეციალისტი, 2010 წლიდან, “აიაქსს” წარმატებით წვრთნის. ის ამსტერდამულ გუნდს ჰოლანდიაში ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონებისკენ მიუძღვება.
“ბარსელონას” სიაში პაკო ხემესის მოხვედრა, ერთი შეხედვით, გასაკვირია, მაგრამ თუ მის მიერ გაწვრთნილი “რაიოს” თამაშს დავუკვირდებით, ხემესს “ბარსელონას” სტილთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეს. მის მიერ გაწვრთნილი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ უფრო საყურადღებო სხვა რამაა – “რაიო”, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ბურთს მატჩში საშუალოდ 59% ფლობს, რაც “ბარსელონას” შემდეგ მე-2 შედეგია. კატალონიელებთან პირველ წრეში ჩატარებული მატჩის დროს, “რაიოს” ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა. ამ კომპონენტში “ბარსამ” 2008 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად წააგო. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, 44 წლის სპეციალისტი “ბარსელონას” სათამაშო სტილის მიმდევარია.