იტალიის სერია B გამარჯვებით დაიწყო “ემპოლიმ”, რომელშიც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირჯებიან. “ემპოლიმ” შინაურ კელდებში “ლათინას” 3:1 მოუგო და მჭედლიძე თამაშში 78-ე წუთზე, დუბლის შემსრულებელი მასიმო მაკარონეს ნაცვლად ჩაერთო, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შეყილაძე 18-კაციან განაცხადში ევრ მოხვდა.
ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად “იელგავა” 3:0 დაამარცხა.
ირაკლი კლიმიაშვილი “სკონტოს” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა დვალი, ლადო დათუნაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი, რიგელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ ვერ მოხვდნენ. “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 35 ქულით ლიდერობს.
ლიტვის A ლიგის 26-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” სტუმრად ვილნიუსის “ჟალგირისთან” 0:5 წააგო. ირაკლი ღერკენაშვილი “ბანგას” სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ ვაჟა ბედოიძემ შეცვალა. ბექა კობიაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი გარგჟდაელთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდნენ. “ბანგას” 23 ქულა აქვს და 9 გუნდში მე-7 ადგილზეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) “პაიდემ”, გასვლაზე “კურესაარეს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა შორის, თენგიზ ეთერია შეუცვლელად გაისარჯა. “პაიდეს” 37 ქულა აქვს და 10 გუნდში მეხუთეა.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში, “ოლმალიქმა”, სადაც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, თავის მოედანზე ბეკაბადის “მეტალურგს” 3:2 აჯობა. ქართველი მარცხენა მცველი მასპინძელთა სამატჩო განაცხადში არ იყო. “ოლმალიქს” 20 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-7 პოზიციაზეა.
პორტუგალიის ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) მე-4 ტურში, “ოლივეირენსემ”, რომლის ღირსებასაც ავთო ებრალიძე იცავს, შინ “ლეიშოეშთან” 0:3 წააგო. ქართველი ფორვარდი “ოლივეირენსეს” სასტარტოში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. “ოლივეირენსემ” ძალიან ცუდი სტარტი აიღო და ერთი ქულით 22 გუნდში ბოლო ადგილზეა.
ბრესტის “დინამო” ბელარუსის თასს 1/8-ფინალში გამოეთიშა - სტუმრად გროდნოს “ნემანთან” 1:3 დამარცხდნენ. “დინამოში” უჩა გოგოლაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
უკრაინის პირველი ლიგის მე-7 ტურში, ჩერნოვცის “ბუკოვინამ” შინ “სუმის” 2:1 სძლია. მასპინძლებში, ქართველი მცველი ირაკლი ციკოლია თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. “ბუკოვინას” 6 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-11 ადგილზეა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-5 ტურში, “ჰალეშერმა”, სადაც აკაკი გოგია ირიცხება, “ელვერსბერგი” მიიღო და 2:0 სძლია. აკაკი გოგია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “ჰალეშერმა” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 3 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.