ფეხბურთი

14:09 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ “ფახთაქორს” მოაგებინა

უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მე-18 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორს” ქართველმა კაპიტანმა კახა მახარაძემ გაამარჯვებინა.

ტაშკენტელებმა “ყიზილყუმს” უმასპინძლეს და მახარაძემ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 37-ე წუთზე კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა. მიმდინარე სეზონში ქართველისთვის ეს გოლი მე-4 აღმოჩნდა. “ფახთაქორს” 34 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-4 ადგილზეა.

ამავე ტურში, “ოლმალიქი”, სადაც ქართველი მცველი გიორგი კვესიეშვილი ირჯება, სტუმრად ფერგანის “ნეფთჩისთან” 0:4 დამარცხდა. კვესიეშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. “ოლმალიქი” 26 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში, “ქაისერისფორი” სტუმრად “გენჩლერს” დაუზავდა – 1:1. ზურაბ ხიზანიშვილი “ქაისერის” სასტარტოში იმყოფებოდა და მე-20 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. “ქაისერს” 4 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-13-ეა. 

ბელარუსის პრემიერლიგაში ბრესტის “დინამომ”, რომლის ღირსებასაც უჩა გოგოლაძე იცავს, საკუთარ მოედანზე მოგილიოვის “დნეპრთან” 0:1 წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. ბელარუსში პრემიერლიგის 12 გუნდი ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყო, ხოლო ბრესტელები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. გოგოლაძის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” თავის მოედანზე ლიგის აუტსაიდერს ნაზრანის “ანგუშტს” 2:1 სძლია. გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკელებში 90 წუთი ითამაშა. მის მსგავსად გიორგი ნავალოვსკიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე შეცვალეს. “სკა-ენერგიას” 23 ქულა აქვს და 19 გუნდში მეოთხეა.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-9 ტურში, “ჰალეშერი” შინ “ჰეიდენჰეიმთან” 0:1 დამარცხდა. აკაკი გოგიამ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ჰალეშერს” 9 ქულა აქვს და 20 გუნდში მეთხუთმეტეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა” “აპოლონს” უმასპინძლა და 3:1 აჯობა. ელგუჯა გრიგალაშვილი მხოლოდ ფამაგუსტელთა სათადარიგო სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. 2 ტურის მერე, “ანორთოსისი” 14 გუნდიან პირველ დივიზიონს 6 ქულით ლიდერობს.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 27-ე ტურში, ტურკუს “ინტერმა” შინაურ კელდებში “ლახტისთან” 1:3 წააგო. მასპინძლებში ირაკლი სირბილაძემ მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე დაჰყო. “ინტერს” 30 ქულა აქვს და 12 გუნდში ბოლოსწინაა.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში, “მოროკა სვალოუვსმა” სტუმრად “ამაზულუსთან” 0:1 წააგო. ქართველი ნახევარმცველმა გიორგი ნერგაძემ, რომელიც გასულ სეზონში “მოროკას” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. “მოროკას” 7 ქულა დაუგროვდა და 16-გუნდიან პირველობაზე მეექვსეა.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-10 ტურში, “მიკოლაევი” დონეცკში ადგილობრივ “ოლიმპიკთან” მატჩში უქულოდ დარჩა -0:1. დამარცხებულთა შორის ქართველი მარცხენა მცველი გიორგი ჯგერენაია თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. სხვათა შორის, მან ვოლოდიმირ ორდინსკი შეცვალა, რომელსაც 2011-2012 წლების სეზონში “გაგრაში” უთამაშია. “მიკოლაევი” 11 ქულით 16 გუნდში მეათეა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში, “ულისესმა” სტუმრად “პიუნიკთან” 3:3 ითამაშა. თენგიზ უგრეხელიძე “ულისესის” 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. ერევნელები 2 ქულით 8 გუნდს შორის მე-7 ადგილზეა არიან.

ლიტვის A ლიგის 28-ე ტურში, “ბანგამ” თავის მოედანზე “შიაულიაის” 3:0 სძლია. გამარჯვებულებში ვაჟა ბედოიძე სრულად გაისარჯა. ირაკლი ღერკენაშვილი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა. ბექა კობიაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ. “ბანგამ” თავი 27 ქულას მოუყარა და 9 გუნდში მეექვსეა.

მორიგი თამაში წააგო ლიგის აუტსაიდერმა “ტაურასმა”, ამჯერად, სტუმრად “კრუიოასთან” - 1:2. ირაკლი თვალავაძე სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ არ ათამაშეს. “ტაურასი” 5 ქულით ცხრილის ფსკერზეა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში “ატირაუმ” “ვოსტოკს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გიორგი ფეიქრიშვილი “ატირაუს” შემადგენლობაში 46-ე წუთზე გამოჩნდა. “ატირაუს”, რომელიც ქვედა ექვსეულში იმყოფება 19 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.

“ჟეტისუ”, რომელსაც ომარ თეთრაძე თავკაცობს, შინ “აკჟაიკთან” უქულოდ დარჩა – 0:3. თეთრაძის გაწვრთნილებს 12 ქულა აქვთ და ბოლო პოზიცია უკავიათ.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-7 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” სტუმრად “ტირასპოლთან” 0:1 წააგო. კიშინიოველებში თორნიკე სტეფნიაშვილს არ უასპარეზია. “ზიმბრუს” 9 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა.

“ოლიმპია” გასვლაზე “მილასმისთან” 1:4 წააგო. დამარცხებულებში ბექა ქართველიშვილი 90 წუთი გაისარჯა. “ოლიმპია” 4 ქულით ბოლოსწინაა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 27-ე ტურში, “პაიდე” საკუთარ მოედანზე “კალიუსთან” უშანსოდ დარჩა – 0:4. თენგიზ ეთერია მასპინძელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 73-ე წუთზე შეცვალეს. “პაიდე” 37 ქულით მე-5 ადგილზეა.

 

 

0.118138