ფეხბურთი

17:14 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მათე ვაწაძე: “საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება”

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2013 წელი ალბანეთში გამართული ამხანაგური მატჩით დაიწყო. ტირანაში ჩატარებული შეხვედრა ალბანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ისტორიაში მეცამეტე დაპირისპირება იყო. სტუმრად მოპოვებულ გამარჯვებაში (1:2) შედეგიანი დარტყმის ავტორები მათე ვაწაძე და უჩა ლობჟანიძე გახდნენ. დანიური “ორჰუსის” ქართველი ლეგიონერი მათე ვაწაძე 2013 წელს, სანაკრებო დონეზე პირველი გოლის ავტორი გახდა. 24 წლის ფეხბურთელისთვის, ტირანაში გამართული მატჩი მის სანაკრებო კარიერაში მეექვსე შეხვედრა იყო.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2013 წელი გამარჯვებით დავიწყეთ. ტირანაში ადვილი თამაში არ იყო. ჩვენი მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. მოედნის საფარი კი, ორივე გუნდის ფეხბურთელებს პრობლემებს გვიქმნიდა. სწორედ ამით იყო გამოწვეული მოთამაშეების ტრავმიანობა. მიხარია, რომ  გამარჯვების მოპოვება შევძელით. ლევან ყენიასგან ძალიან კარგი პასი მივიღე და შეტევა გოლით დავასრულე...” - ამბობს ნაკრების თავდამსხმელი.
ვაწაძემ ალბანეთთან მატჩში მხოლოდ 58 წუთი ითამაშა. მეოცე წუთზე, მან ტრავმირებული ლევან მჭედლიძე შეცვალა; თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე კი, თავად გახდა შესაცვლელი და ის მისმა ყოფილმა თანაკლუბელმა - გულვერდ თომაშვილმა ჩაანაცვლა.
“ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არა მხოლოდ შედეგის თვალსაზრისით, არამედ მოსამზადებლადაც. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს პარიზში უწევს... საფრანგეთთან ოფიციალურ მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება. ასეთი დონის ნაკრებებთან შეხვედრამ, შესაძლოა, ნებისმიერი მოთამაშის კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ფავორიტი, რა თქმა უნდა, საფრანგეთია. ის ფეხბურთელები კი, ვინც მოედანზე იქნებიან, მაქსიმუმი უნდა გააკეთონ...”
მომდევნო სანაკრებო მატჩამდე, მათე ვაწაძე დანიაში, საკუთარ კლუბთან ერთად იქნება. დანიის სუპერლიგაში მომდევნო შეხვედრას “ორჰუსი” 3 მარტს, სტუმრად “ესბიერგის” წინააღმდეგ გამართავს. ვაწაძე დანიურ კლუბში  სექტემბერში გადავიდა. სკანდინავიელები ქართველი ფეხბურთელით ევროპის ლიგაზე წარმატებული თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ. “ორჰუსი” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ზაფხულში გორის “დილამ” გამოთიშა. მათე ვაწაძე ქართული კლუბის ღირსებას აგვისტომდე იცავდა და სწორედ, მან გაიტანა ორჰუსელთა კარში სამი გოლი. ქართულ-დანიური ორრაუნდიანი საფეხბურთო დაპირისპირება “დილამ” 5:2 მოიგო. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროპაში ვაგრძელებ საფეხბურთო კარიერას. დანიის ჩემპიონატში ადაპტაცია რთული არ ყოფილა. კლუბში სამი ქართველი ვართ - მე, დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი. ჩვენი მიზანია, რომ დანიის ჩემპიონატში წარმატებით ვითამაშოთ. ლიდერი “კოპენჰაგენი”  საკმაოდ დიდი უპირატესობით დაწინაურდა. მეორე ადგილზე მყოფ კლუბს კი, ხუთი ქულით ჩამოვრჩებით და წინ რთული ბრძოლები გველოდება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ევროტურნირზე კვლავ ვითამაშოთ” - განაცხადა ვაწაძემ.
დანიის ჩემპიონატში “ორჰუსი” ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდულ გუნდად ითვლება. მის შემადგენლობაში მათე ვაწაძემ ცხრა ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლიც გაიტანა.
სფფ-ის პრესსამსახური
ფოტო gff.ge

0.119008