50 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა, ხერარდო მარტინომ, როგორც დაანონსებული იყო, “ბარსელონასთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც, კატალონიელთა ახალი დამრიგებელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
“კლუბის ხელმძღვანელობას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას ვუხდი. “ბარსელონას” დონის გუნდში მუშაობით ამაყი ვარ, მაგრამ ვწუხვარ იმ სიტუაციის გამო, რომელშიც გუნდი ჩავიბარე. ამიტომ, ტიტო ვილანოვას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
გასაგებია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები არ მიცნობენ. მათ ჩემს შესახებ მეტი ეცოდინებოდათ, ევროპაში რომ მემუშავა, მაგრამ ჩემი საქმიანობა, აქამდე, სამხრეთ ამერიკით შემოიფარგლებოდა.
2 მნიშვნელოვანი რამ მაქვს მოსაფიქრებელი – გუნდის თამაშის სტილი და კონკრეტული ფეხბურთელების თამაშის სტილი. მინდა მოთამაშეებს რამდენიმე ახალი იდეა შევთავაზო, რომლებიც “ბარსელონას” კიდევ უფრო გააძლიერებენ.
ნეიმარისა და მესის ერთად თამაში? ვფიქრობ, ასეთი დონის ფეხბურთელებს შეთამაშების პრობლემა არ ექნებათ. ეს პრობლემა არაა. თუ რაიმე სახის სირთულე წარმოიშვა, ეს მწვრთნელის პრობლემა იქნება და არა ფეხბურთელების. “ – ციტირებს მარტინოს სიტყვებს Marca.