ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია D ჯგუფის უდავო ფავორიტია, ხოლო შოტლანდია, ირლანდია, საქართველო და პოლონეთი მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ.
-დარწმუნებული ვარ ძალიან გიხარიათ ოფიციალური თამაშების დაწყება...
მარტინ ონილი: “ძალიან დიდი ხანია ვემზადებით. მე და როი კინმა ნაკრებში მუშაობა შარშან ნოემბერში დავიწყეთ. როგორც იქნა ოფიციალური თამაშები იწყება, რომლებსაც ველოდებოდით.
-იცით თუ არა ვინ ითამაშებს ხვალ?
-კი, ვიცი.
-შეი გივენი ნაკრებში დაბრუნდა. კიდევ რამდენიმე სხვა პოზიციაზე არიან ახალი ფეხბურთელები, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ვინ ითამაშებს...
-მე უკვე ვიცი ვინ ითამაშებს, მაგრამ ფეხბურთელებისთვის არ მითქვამს.
-საქართველოს ნაკრების თამაშებს ნახავდით და ყველაზე მეტ სირთულეს ვისგან ელით?
-რა თქმა უნდა, რამდენიმე თამაშს ვუყურეთ. ვიცით, რომ საქართველოს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა საფრანგეთთან. 3-4 ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა სახელების თქმისგან თავს შევიკავებ. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვითამაშებთ.
-შესარჩევი ციკლის თბილისში დაწყებით და კალენდრით რამდენად კმაყოფილი ხართ?
-ადრე ასე ხდებოდა, რომ წილისყრის შემდეგ ნაკრებების წარმომადგენლები შეიკრიბებოდნენ და კალენდარზე მსჯელობდნენ. ახლა, ამ საკითხს კომპიუტერი წყვეტს. მიუხედავად იმისა, თუ სად ატარებ პირველ თამაშს, ჯგუფში ყველა ყველას ორჯერ ხვდება და შესაბამისად, თანაბარი შანსები აქვთ.
-ეს არის პირველი ოფიციალური თამაში თქვენთვის. გაქვთ თუ არა განსხვავებული შეგრძნება, იმასთან შედარებით რაც აქამდე იყო?
-ჩემთვის პირველი ოფიციალური თამაშია. როგორც წარმომიდგენია, იგივე შეგრძნება მექნება, რაც ფეხბურთელობისა თუ სხვადასხვა კლუბების გაწვრთნისას მქონდა. მნიშვნელოვანი თამაშია, დაძაბული ვიქნები. ალბათ ვინერვიულებ კიდეც.
პრესკონფერენციაზე მყოფმა რობი კინმა აღნიშნა, რომ მომავალ მატჩს განსაკუთრებით ელოდება:
“ამ თამაშს განსაკუთრებით ველოდებოდი. ძალიან კარგია ამხანაგური მატჩები, მაგრამ ოფიციალური შეხვედრები ისაა, რომელშიც მონაწილეობა ყველას სურს. განვლილი ერთი კვირის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ და მოვემზადეთ”.
-ის ფაქტი, რომ კინი თამაშამდე მწვრთნელის გვერდით ზის, ხომ არ ნიშნავს, რომ მოედანზე გავა და გუნდს უკაპიტნებს?
მარტინ ონილი: “რობი კინი ზოგადად ნაკრების კაპიტანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ ფეხბურთელებისთვისაც არ მითქვამს ვინ ითამაშებს. პრესკონფერენცია ის ადგილი არაა, სადაც ამაზე უნდა ვილაპარაკო.
-რატომ არ გითქვამთ ვინ ითამაშებს და ამას როდის გააკეთებთ?
-ასეთი მეთოდი მაქვს, რომ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე შემადგენლობას არ ვასახელებ. ეს მოთამაშეებისთვის ფსიქოლოგიურად კარგი არ არის. ასეთ დროს შესაძლოა ბევრი ისე არ მოემზადოს, როგორც საჭიროა და თუ ვინმე ტრავმას მიიღებს, როგორც მაკლეინის შემთხვევაში მოხდა, მისი შემცვლელი შესაძლოა სრულფასოვნად მზად არ იყოს. შემადგენლობას მოთამაშეებს თამაშამდე ერთი დღით ადრე, ან თამაშის დღეს ვეუბნები.
-შეუძლია თუ არა გივენს თამაში?
-კი, ფიზიკურად მზადაა, ოღონდ არ ვიცი ითამაშებს თუ არა.
-ისე მოხდა, რომ წინა მწვრთნელის დროს ირლანდიამ პირველი ოფიციალური თამაში საქართველოსთან გასვლაზე მოიგო, ამ ფაქტორს რა გავლენა ექნება?
რობი კინი: ზოგადად, საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებით დაწყება მნიშვნელოვანია. ეს ნაკრებზე, მომავალში, დადებითად იმოქმედებს. მნიშვნელობა არ აქვს სახლში თამაშობ, თუ სტუმრად, მთავარია ქულები დააგროვო.
-როგორ ფიქრობთ, უნდა ჩატარდეს თუ არა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში?
ირლანდიის ნაკრების პრესატაშემ განმარტა, რომ ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შეიკავებენ.
-2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან საშინაო მატჩი გერმანიის ქალაქ მაინცში ჩაატარა.
მარტინ ონილი: ირლანდიის ნაკრების ბრალი არ იყო, რომ თამაში საქართველოში არ ჩატარდა. მე პირველად ჩამოვედი საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ აქ მატჩის ჩატარება გვიწევს.
-თქვენ დიდ ტურნირებზე უკვე 2-ჯერ ითამაშეთ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილება თუ გაუზიარეთ?
რობი კინი: აქამდე, ირლანდიის ნაკრები დიდ ტურნირებზე მხოლოდ პლეი ოფების საშუალებით გადიოდა, რაც ყოველთვის უფრო ძნელია. ის ფაქტი, რომ 2 გუნდი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველად გადის, მოტივაციას გვმატებს. ირლანდიის ნაკრებში გამოცდილი მოთამაშეები არიან, მაგალითად ეიდენ მაკკიდი. ჩვენ გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების შერწყმაა.
-რას ფიქრობთ ქეცბაიას განცხადებაზე, რომ საქართველოს ნაკრები უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და შანსებს როგორ შეაფასებთ?
-ქეცბაიამ რაც თქვა მისი პირადი აზრია და უფლება აქვს ისე იფიქროს, როგორც გაუხარდება. თუმცა ეს დიდად არ მაწუხებს. შანსებს რაც შეეხება, გერმანია ჯგუფის ლიდერია, შოტლანდია, ირლანდია, საქართველო და პოლონეთი მეორე –მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ. გიბრალტარს ამ ბრძოლაში ჩართვა გაუჭირდება. მნიშველოვანია, რაც შეიძლება მეტი ქულა აიღო. შესარჩევი ტურნირი თავიდან ბოლომდე დაძაბული იქნება.