სექტემბრის სანაკრებო თამაშები ჯერ არ დასრულებულა და მადრიდის “რეალმა” უკვე დიდი ზარალი ნახა. ცნობილი გახდა, რომ მომდევნო მატჩში, “სამეფო კლუბს” მარსელო ვერ დაეხმარება, ხოლო ისკოსა და რონალდუს მოედანზე გამოსვლა საეჭვოა.
მარსელომ ტრავმა ბრაზილიასა და ავსტრალიას შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რის გამოც, ის კლუბს 3 კვირით გამოაკლდა.
კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებში ტრავმირებული წავიდა. მიუხედავად ამისა, მან ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ითამაშა და 3 გოლის გატანით, ეროვნულ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პორტუგალიელი ვარსკვლავი კვლავ ტრამირებულია და ის გუნდს ბრაზილიასთან გასამართ ამხანაგურ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, საეჭვოა მისი “ვილიარეალთან” თამაშიც.
რაც შეეხება ისკოს, მან ტრავმა ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა კოჭი დაიზიანა და დიდი ალბათობით, “ვილიარეალთან” ვერც ის ითამაშებს.
“რეალი” და “ვილიარეალი” ერთმანეთს “ელ მადრიგალზე” 14 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, ორივე ეს გუნდი უდანაკარგოა.