ფეხბურთი

16:35 | 5.08.2013 | ნანახია NaN - ჯერ

მარსელო: “ბარსელონაზე” საერთოდ არ ვფიქრობ”

 მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი მარცხენა მცველი მარსელო (მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი) “სამეფო კლუბში” 2006 წელს ჩაირიცხა და გუნდთან ერთად პრიმერა დივიზიონი და ესპანეთის ტასი აქვს მოგებული. მარსელო ჟურნალისტებს გაესაუბრა და მათ გუნდში არსებულ სიტუაციაზე, ახალ დამრიგებელზე, მომავალი სეზონის მზადებაზე, გუნდიდან ფაბიო კოენტრაოს შესაძლო წასვლასა და გარეთ ბეილის ასევე შესაძლო მოსვლის თაობაზე საკუთარი პოზიცია გაუმხილა. 

- თუკი მადრიდის “რეალიდან” ფაბიო კოენტრაო წავა, გუნდში ერთადერთი მარცხენა უკანახაზელი დარჩებით. მზად ხართ ამგვარი პასუხისმგებლობისთვის?

- მოდით ვარაუდებზე ნუ ვისაუბრებთ, თვალი გავუსწოროთ რეალობას – კოენტრაო სადღეისოდ ჩვენი თანაგუნდელია და სულ არ ვმკითხაობ იმაზე, დაგვტოვებს თუ არა ფაბიო. ახალი სეზონისთვის საგულდაგულოდ ვემზადები და ყოველმხრივ შევეცდები, კოენტრაოს ღირსეული კონკურენცია გავუწიო.

- კარლო ანჩელოტისთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?

- ჯერჯერობით ჩვენ ახალ დამრიგებელს კარგად არ ვიცნობთ, ამიტომაც შორსმიმავალი დასკვნის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, პირველი შთაბეჭდილება მეტად დადებითია. ანჩელოტი კარგი პიროვნება ჩანს, ამასთან, იგი ბუნებისგან გამარჯვებულის ფსიქოლოგიითაა დაჯილდოებული და ზურგს უზარმაზარი სადამრიგებლო გამოცდილება უმაგრებს. ვიმედოვნებ, კარლო ანჩელოტისთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. იტალიელს მეტად საინტერესო წვრთნები აქვს და ჩვენც არაფერს ვიშურებთ საიმისოდ, ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში რომ შევხვდეთ.

- ანჩელოტის მოსვლის შემდეგ გუნდში ატმოსფერო დიდად შეიცვალა?

- რასაკვირველია, ცვლილება სახეზეა. ჩვენ ბევრი ახალი მოთამაშე დაგვამატა და ყველას ერთიანი მისწრაფება გვაქვს – გულშემატკივრები უნდა გავახაროთ.

- გონსალო იგუაინის “ნაპოლიში” წასვლა “რეალის” თამაშზე უარყოფით გავლენას მოახდენს?

- მადრიდის “რეალი” უდიდესი კლუბია და თუკი მის რიგებს რომელიმე ფეხბურთელი ტოვებს, ეს ხელმძღვანელობას სათანადოდ აქვს გათვლილი და ამ ცვლილებით ყველა მხარე მოგებული რჩება. Twitter-ში დავწერე, რომ პიპიტა მოგვენატრება, მაგრამ ვგულისხმობდი მეგობარ გონსალოს და არა მოთამაშე იგუაინს.

- გვერდს ვერ ავუვლით ერთ მეტად გახმაურებულ თემას. რას ფიქრობთ გარეთ ბეილის სატრანსფერო ამბებზე?

- ჯერჯერობით მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე მსურს საუბარი, რომლებიც “რეალში” უკვე ირიცხებიან. თუკი ბეილი ჩვენთან გადმოვა, ყველანი გულღიად დავხვდებით. ისე კი, უელსელი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ პირადადაც მითამაშია  და მისი ძალა კარგად შევიგრძენი. როგორც ადამიანს, კი გარეთს არ ვიცნობ და ვერაფერს მოგახსენებთ.

- კაკა ახალ სეზონს მზადყოფნაში შეხვდება?

- აი, ვის და მას ნამდვილად კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, კაკა სამომავლო მატჩებს ჩვეულ ფორმაში შეხვდება.

- მომავალი სეზონისგან რას ელით?

- ნებისმიერი სეზონისგან ერთსა და იმავე რამეს ველი – ჩემმა გუნდმა ტიტული მოიგოს და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო.

- რამდემად სასარგებლოა ზინედინ ზიდანთან თანამშრომლობა? ფრანგი ხომ “რეალის” წვრთნებში მონაწილეობას იღებს...

- ზიდანთან ურთიერთობისას მეტად სასარგებლო გამოცდილებას ვიძენთ. იგი ბრწყინვალე ადამიანია და მისგან ბევრს ვსწავლობთ.

- “გინესის თასის” ფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში...

- “რეალი” “ჩელსის” წინააღმდეგ ითამაშებს და არა მისი მწვრთნელის. მუშაობას ჩვეული რიტმით ვაგრძელებთ, რათა პრიმერას სტარტს ყოველმხრივ მომზადებულები შევხვდეთ.

- კონფედერაციათა თასის ფინალში ესპანეთის ნაკრებს სძლიეთ. ამ მატჩის ირგვლივ “ფურია როხას” თანაგუნდელ წევრებთან საუბარი გქონდათ?

- ბრაზილიის ნაკრებმა პლანეტის საუკეთესო ეროვნულ გუნდს მოუგო. ფინალის შემდეგ გასახდელში ერთმანეთს ყოველგვარი წყენისა და ბოღმის გარეშე გავესაუბრეთ.

- რას ფიქრობთ “ბარსელონაში” მწვრთნელის ცვლილების თაობაზე?

- “ბარსელონაზე” საერთოდ არ ვფიქრობ. არ მესმის, რატომ უნდა ვისაუბრო კატალონელთა დამრიგებლის შეცვლაზე? 

თეგებიმარსელო
0.121716