მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” მიმდინარე სეზონში კვლავაც დაუმარცხებელია. სტამბულურმა კლუბმა ევროლიგა სიენაში “მონტეპასკის” ძლევით გახსნა, თურქულ სუპერლიგაში კი უკვე მე-2 მატჩი მოიგო და ლიდერთა მარაქაში გაერია.
“გალათასარაიმ” ამჯერად “ბეშიქთაშს” უმასპინძლა და სტამბულურ დერბიში 87:82 იმარჯვა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14:39 წუთი გაატარა და გუნდს 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში 19-19 ქულით საუკეთესონი ზორან ერცეგი და ჯეიმონტ გორდონი იყვნენ, სტუმრებს კი 20 ქულით დორონ პერკინსმა ულიდერა.
მარკოიშვილის კლუბს თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 26 ოქტომბერს სტუმრად “ალიაღა პეტკიმთან” ელის, 2 დღით ადრე კი, “გალა” შინ ევროლიგის ეგიდით პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდება.