მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატში სტუმრად “ტედ კოლეჯლილერს” 83:78 სძლია და მოგებათა რაოდენობით (17) მე-4 ადგილზე მყოფ სტამბულისვე “ბეშიქთაშს” გაუტოლდა, თუმცა, თანაქალაქელებზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და მათი გადასწრების შანსს ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ გასული შეხვედრის დასკვნითი მეოთხედის წინ ფავორიტად შერაცხული სტუმრები 14 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში მასპინძლები 29:10 (!) გაანადგურეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზიმეს.
მარკოიშვილი “გალას” სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა მცველმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტამბულელებს 16 ქულით ენდერ არსლანმა ულიდერა, კარლოს აროიომ 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ფურკან ალდემირს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა, 13 მოხსნა.
“გალათასარაის” სეზონის ბოლომდე 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, რომელთაგან უახლოესს 1 მაისს, შინ, “ოლინ ედირნეს” წინააღმდეგ გამართავს.