კალათბურთი

2:08 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა და შერმადინმა ევროლიგაში იმარჯვეს

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-11 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” და გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები იზეიმეს და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

თურქული გრანდი შინაურ “აბდი იპეკჩი არენაზე” მიუნხენის “ბაიერნს” დაუხვდა და 76:69 იმარჯვა. ქართველი მცველი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19:38 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტამბულელთა რიგებში საუკეთესო კარლოს აროიო გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 11 პასი. თავის მხრივ, 14-14 ქულა მიითვალეს მალიკ ჰეირსტონმა და პოპს მენსა-ბონსუმ.

აღსანიშნავია, გერმანულმა კლუბმა მოხსნებში 38:27 იმარჯვა და ამასთან, მეტოქის ფარზე 13 ბურთით მეტი (19:7) მოხსნა, თუმცა, ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუმართაგან გამორჩეულად მალკოლმ დილეინიმ (16 ქულა, 5 მოხსნა) და ჯონ ბრაიანტმა (12 ქულა, 7 მოხსნა) ითამაშეს.

ტოპ-16-ის F ჯგუფს 9-9 მოგებით მადრიდის “რეალის” და მოსკოვის ცსკა ლიდერობენ, მესამეზე თელ-ავივის “მაკაბია” 8 გამარჯვებით, მეოთხე-მეექვსე პოზიციებზე კი ყუბანის “ლოკომოტივი”, “გალათასარაი” და “ბაიერნი” იმყოფებიან. პლეი-ოფში გამსვლელი მე-4 საგზურისთვის სწორედ ბოლო სამეული იბრძოლებს.

მე-12 ტურის მატჩში, 27 მარტს, “გალათასარაი” ჯგუფის აუტსაიდერ კაუნასის “ჟალგირისს” ესტუმრება, იმავე დღეს “ბაიერნი” ცსკა-ს ესტუმრება, 28-ში კი “ლოკომოტივი” სერბულ “პარტიზანს” დაუხვდება.

მშობლიურ სარბიელზე იოლი გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა”. ბერძნული გრანდი ესპანურ “კუტხა ლაბორალს” დაუხვდა და 30 ქულის სხვაობით – 89:59 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:21 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 11 ქულა და 6 მოხსნა გახლდათ. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოუყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

შერმადინის გარდა, მასპინძელთაგან 10-ქულიან ზღვარს მეტიუ ლოესკიმ (16), ვასილის სპანულისმა (14), იოანის პაპაპეტრუმ (13) და სედრიკ სიმონსმა (10) უწიეს, ევანგელიოს მანცარისმა კი 5 ქულას 8 მოხსნა და 9 პასი წაამატა. მოკლედ, პირეოსელებმა ჩინებული გუნდური თამაში აჩვენეს.

F ჯგუფის მსგავსად, მეოთხედფინალის საგზურებისთვის E ჯგუფიც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. პლეი-ოფში ნამდვილად ითამაშებენ კატალონიური “ბარსელონა”, რომელსაც 11-ვე მატჩი მოგებული აქვს და “ოთხთა ფინალის” მასპინძელი მილანის წარმომადგენელი “ემპორიო არმანი”. იტალიური გუნდის აქტივში 8 გამარჯვებაა.

აი, შემდეგ კი დაუნდობელ ბრძოლას უნდა ველოდეთ. საქმე ის გახლავთ, რომ მე-3 პოზიციაზე მყოფ “პანათანაიკოსს” 6 მოგება მოუგროვდა, მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე მყოფ “ოლიმპიაკოსს”, სტამბულის “ფენერბაჰჩეს” დ მალაგის “უნიკახას” კი 5-5 გამარჯვება გააჩნიათ.

27 მარტს “ოლიმპიაკოსი” უმნიშვნელოვანეს მატჩში “მალაგას” ესტუმრება, 28-ში კი “ფენერბაჰჩე” “ემპორიო არმანის” უმასპინძლებს, ხოლო “ბარსელონა” შინ “პანათინაიკოსის” დამარცხებას ეცდება.

 

ევროლიგის ტოპ-16. მე-11 ტური

E ჯგუფი

პანათინაიკოსი – ფენერბაჰჩე 76:67

ოლიმპიაკოსი – ლაბორალ კუტხა 89:59

ემპორიო არმანი – ანადოლუ ეფესი 76:69

უნიკახა – ბარსელონა 61:77

1.    ბარსელონა 11      11      0      876:759
2. ემპორიო არმანი 11 8 3 835:780
3. პანათინაიკოსი   11 6 5 765:746
4. ოლიმპიაკოსი 11 5 6 827:790
5. ფენერბაჰჩე 11 5 6 848:859
6. უნიკახა 11 5 6 814:829
7. ანადოლუ ეფესი      11 2 9 745:824
8. ლაბორალ კუტხა 11 2 9 764:887

 

F ჯგუფი

რეალი – ცსკა 93:79

პარტიზანი – მაკაბი 72:70

ჟალგირისი – ლოკომოტივი 85:86

გალათასარაი – ბაიერნი 76:69

1.    რეალი 11      9      2 952:829
2. ცსკა 11 9 2 923:804
3. მაკაბი 11 7 4 869:840
4. გალათასარაი 11 5 6 839:852
5. ლოკომოტივი      11 5 6 858:869
6. ბაიერნი 11 5 6 803:847
7. პარტიზანი 11 3 8 748:854
8. ჟალგირისი 11 1 10      836:933
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150704