თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საწყის ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” “ანადოლუ ეფესს” ესტუმრა და სტამბულური დერბიში იოლად – 85:67 იმარჯვა. საქართველოს ნაკრების მცველს თამაშში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია, სტუმართა გამარჯვება კი შორი დისტანციიდან ზუსტმა სროლებმა განაპირობა – მათ 31 სამქულიანიდან 16 გამოიყენეს.
გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ზორან ერცეგი გახლდათ 19 ქულით, კარლოს აროიომ 16 ქულა ჩააგდო, ჩენკ აკიოლმა – 14, ხოლო ჯეიმონტ გორდონმა – 13. “ეფესის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს სამმა კალათბურთელმა გადააბიჯა: ბირკან ბატუკმა (13), კოსტას ვასილიადისმა (11) და სემიჰ ერდენმა (11).
“გალათასარაი” მე-2 ტურის მატჩს 20 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც კიდევ ერთ სტამბულურ დერბიში “ბეშიქთაშს” უმასპინძლებს. აქვე დავძენთ, რომ 16 ოქტომბერს მარკოიშვილის კლუბი ევროლიგის პირველი ტურის ეგიდით სიენას “მონტეპასკის” ესტუმრება.