ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის – ოთხიდან სამმა მათგანმა მარცხი განიცადა.
ქალთა ტურნირში ყაზახ ელენა ანკუდინოვასთან (2121) შავი ფიგურებით დამარცხდა უწინდელი ლიდერი თამარ ხმიადაშვილი (2158), რის შემდეგაც იგი 5.0 ქულით მე-2 ადგილზე აღმოჩნდა.
ასეთივე მონაგარით მე-4 პოზიციაზე იმყოფება ნონა გაფრინდაშვილი (2312), რომელიც შავებით რუს სვეტლანა მიედნიკოვას (2166) დაუზავდა.
რაც შეეხება ნინო მელაშვილს (2126), მან თეთრი ფიგურებით რუს ელენა ფატალიბეკოვასთან (2252) წააგო და 4.0 ქულით 25 მონაწილეს შორის მე-9 საფეხურამდე დაქვეითდა.
მე-8 ტურში გაფრინდაშვილი ხმიადაშვილს ეთამაშება, ხოლო მელაშვილის მეტოქე რუსი ტატიანა ბოგუმილი (2074) იქნება.
მამაკაცთა ტურნირში პირველი მარცხი შეემთხვა სერგო ცომაიას (1859). მან შავი ფიგურებით ბრაზილიელ ჰერმან ვან რიემსდიიკთან წააგო და 4.0 ქულით 50-ე ადგილზე აღმოჩნდა. მომდევნო ტურში ცომაია უზბეკ ვალერი აგზამოვს (2183) დაუპირისპირდება.