ფეხბურთი

18:33 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი სამწვრთნელო კარიერას გაისად დაასრულებს

მარჩელო ლიპი სამწვრთნელო კარიერას მომავალ წელს დაასრულებს, მაგრამ ფეხბურთიდან საერთოდ წასვლას არ გეგმავს.

2012 წლის მაისიდან მოყოლებული, 65 წლის იტალიელი სპეციალისტი ჩინეთის “გუანჯოუს” წვრთნის, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა, ხოლო ერთხელ აზიის ჩემპიონთა ლიგის თასი მოაპოვებინა.

“გუანჯოუსთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს. მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობას შევწყვეტ. თუმცა, ფეხბურთში დავრჩები – ფუნქციონერის ან რაიმე სხვა თანამდებობაზე” – იუწყება იტალიური გამოცემა La Repubblica ლიპის სიტყვებს.

საკლუბო დონეზე, ლიპის ყველაზე წარმატებული პერიოდი ტურინის “იუვენტუსში” ჰქონდა, რომელსაც 1994-1999 და 2001-2004 წლებში წვრთნიდა. ტურინელებთან ერთად მან 5-ჯერ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თითოჯერ იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი, ხოლო ოთხჯერ იტალიის სუპერთასი. 2006 წელს ლიპის ხელმძღვანელობით იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

0.117624