ფეხბურთი

17:00 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მარბელიას თასი": ქუთათურებმა ბუქარესტის "რაპიდს" სძლიეს

ქუთაისის "ტორპედომ" ესპანეთში პირველი მატჩი გამართა. ეს იყო "მარბელიას თასის" მეოთხედფინალი, სადაც გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე რუმინული ბუქარესტის "რაპიდი" გახლდათ. ეს კლუბი მიმდინარე სეზონში მე-9 ადგილზეა, წინა სეზონი კი მეოთხეზე დაასრულა და თასის ფინალში წააგო.
..."ტორპედომ" პენალტებში იმარჯვა. 90 წუთი 1:1 დასრულდა და პენალტების სერიაში 4:3 მოიგეს ქუთათურებმა.
ინტერნეტში ამ თამაშის ნახვა მოხერხდა. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, თუმცა რუმინელებმა გატანა მოახერხეს: სტეფან გრიგორიემ 24-ე წუთზე.
პირველივე ნახევარში იყო მომენტები. მაგალითად, გიორგი ბერიაშვილმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავურით ოდნავ ააცილა.
მეორე ტაიმი კი მთლიანად "ტორპედოს" უპირატესობით წარიმართა და აქ მხოლოდ გატანილ გოლს არ ვგულისხმობთ. იყო მონაკვეთები, როცა "რაპიდი" ბურთის მოშორებაზე თამაშობდა. რაც შეეხება გოლს: 63-ე წუთზე ბექა ტუღუში მარჯვნიდან შეიჭრა რუმინელთა საჯარიმოში, ტექნიკურად გასცდა მცველებს და მეკარის ბაქანთან შეაგორა ბურთი, სადაც გიორგი ფანცულაიამ იმარჯვა და ახლოდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.
ტუღუში ვახსენეთ და ის უდავოდ საუკეთესო იყო - საგოლე პასი ხომ გააკეთა, ყველაზე აქტიურიც გახლდათ და პენალტების სერიაში ისეთი შეასრულა... პანენკას სტილში, გამორბენის გარეშე ტექნიკურად დაარტყა ცენტრში.
კაპიტანმა ომარ მიგინეიშვილმა ერთი პენალტი აიღო, ბოლოს კი თავად დაარტყა და გაიტანა კიდეც.
7 თებერვალს "ტორპედო" ნახევარფინალში შეხვდება ბუქარესტის "დინამოსა" და პოზნანის "ლეხს" შორის გამარჯვებულს. მოკლედ, შესაძლოა, ისევ რუმინელებს...
"ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობა: მიგინეიშვილი, რიგვავა, ცინცაძე, გიორგი ონიანი, გიორგი გურული, ჭელიძე, კუხიანიძე, დოლიძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, საბანაძე, ბერიაშვილი.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
"რაპიდის" სასტარტო შემადგენლობა: პეკანჩა, კომანი, აბრუდანი, ოროში, ვასილე, მატეი, გრიგორე, დიკა, გრიგორიე, კიოლაჩუ, მარტინი.
მწვრთნელი: მარიან რადა.
გოლები: 0:1 გრიგორე (24), 1:1 ფანცულაია (63).
პენალტები: 0:1 დიკა, 1:1 ფირცხალავა, 1:1 პაუნი (მეკარე), 2:1 გურული, 2:2 კომანი, 3:2 ტუღუში, 3:3 გრიგორე, 3:3 კვარაცხელია (მეკარე), 3:3 მარდარე (ააცილა), 4:3 მიგინეიშვილი.
სრულ შემადგენლობას მოგვიანებით გაცნობებთ.

ილია ნანობაშვილი
მალხაზ ახვლედიანის ფოტო

 

0.122549