კალათბურთი

1:08 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “იმედია, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით”

პაველ ბუდინსკი: ”საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ჩინებულად გამოიყურებოდა

საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებთა დასრულების შემდეგ, ყველა თანხმდებოდა, რომ შეხვედრის ბედი საქართველოს ნაკრების წამყვანი კალათბურთელების გადაღლილობამ გადაწყვიტა. ევროპის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში ძირითადმა დატვირთვამ ხომ 5-6 ქართველ კალათბურთელზე გადაიარა, რასაც შეუძლებელია თავი არ ეჩინა. ყველაფერ ამას ისიც დაერთო, რომ ჩეხებმა ევრობასკეტზე საუკეთესო შეხვედრა სწორედ გუშინ ითამაშეს და... 

იგორ კოკოშკოვი: “მეტოქემ გაცილებით უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ფიზიკურად, მორალურად და მენტალურად გადაღლილები ვიყავით. ყველამ იცის, რომ შემადგენლობის მხრივ შეზღუდულები ვართ. ჩეხებმა ეს კარგად გამოიყენეს და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თამაშით ამაყი ვარ. ბიჭები წარმატებისთვის მაქსიმუმს იღებენ”. 

გიორგი ცინცაძე: “როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ჩეხებმა კი პირველ იერიშებში ქულების დიდი რაოდენობა აიღეს. მარცხის მიზეზი იოლი ასახსნელია. ხორვატიასთან და სლოვენიასთან მძიმე მარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად გადაიღალა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გასულ მატჩებში რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. დიდი მადლობა იმ ქომაგებს, რომლებიც  დარბაზიდან აქტიურად გვიჭერენ მხარს და სრულიად საქართველოს”.

მანუჩარ მარკოიშვილი: “ჩეხებმა უფრო მეტად იბრძოლეს, მოინდომეს და ალბათ, გამარჯვებაც მეტად დაიმსახურეს. როდესაც ასეთი მნიშვნელობის შეხვედრაში ამდენ შეცდომას დაუშვებ, შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო. იმედია, შეცდომებზე როდისმე ჩვენც ვისწავლით”.

დუდა სანაძე: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, თუმცა, სამწუხაროდ მარცხი განვიცადეთ. აშკარად სჩანდა, რომ გუნდის ლიდერები, რომელთა ზურგზეც ძირითადმა დატვირთვებმა გადაიარა, გადაღლილები იყვნენ. გასულ სამ შეხვედრაში გუნდმა ჩინებულად ითამაშა და ვამაყობ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ”.

პაველ ბუდინსკი: “დღეს ფაქტობრივად ყველაფერი გამოგვდიოდა. შეტევაში ძალიან იოლად მივდიოდით და ქულების ასეთი რაოდენობაც ამის შედეგია. გუნდურად ჩინებულად გამოვიყურებოდით, ამასთან სათადაროგო კალათბურთელებმა 30 ქულა ჩააგდეს. საქართველოს ნაკრებს ვულოცავ. მათ ევროპის ჩემპიონატზე თავი ჩინებულად წარმოაჩინეს, დღეს კი უბრალოდ გადაღლილები იყვნენ”.

ტომაშ სატორანსკი: “საქართველოს ნაკრებს რთული მატჩები ჰქონდა და ამან თავი იჩინა. პირველივე წუთებიდან უპირატესობა ჩვენი იყო და სოლიდური სხვაობით დაწინაურების შემდეგ, გამარჯვება რთული აღარ ყოფილა. ამასთან, შეტევაში ყველაფერი გამოგვდიოდა. თუკი ესპანეთთან 39 ქულა ჩავაგდეთ, დღეს ერთბაშად 95 ქულას ვუწიეთ. დიახ, ბექა ბურჯანაძე ჩემი თანაგუნდელია და მას საკმაო კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ძალიან მშრომელი ბიჭია და ბევრს მიაღწევს”.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.115589