ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ რიგებში ტურინის „იუვენტუსის“ ჩილელი ნახევარმცველის არტურო ვიდალის ხილვის სურვილი გამოთქვა. ოლდ ტრაფორდელები მზად არიან სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ „ბებერ ქალბატონს“ 30-32 მილიონი ევრო გადაურიცხონ. ეს ამბავი სერ ალექს ფერგიუსონმა გაახმოვანა, რომელიც „იუვენტუს სთედიუმზე“ ევროპა ლიგის ფინალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.
მოარულ ხმას თუ ვერწმუნებით, „ბიანკონერი“ ვიდალის გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგი არაა, ოღონდ არტუროს 40 მილიონ ევროდ შეელევა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ სერია A-ს ჯერ კიდევ მიმდიანარე გათამაშებაში ვიდალმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და პარტნიორებს 7 შედეგიანი გადაცემაც შეუსრულა.