“სპარტაკისა” და “მერანის” მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. განვლილი სეზონის მიწურულთან შედარებით, ხსენებულ არენაზე სამუშაოები დასრულებულია. ინდივიდუალური სკამებიც ბოლომდეა დამონტაჟებული, ვიპლოჟა და პრესლოჟაც არის. ტრიბუნის ნაწილი გადახურულია და უმჯობესი იქნებოდა თუ მთლიანად გადახურავდნენ.
ცხინვალის “სპარტაკის” სათადარიგოთა შორის საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი ფორვარდი გიორგი ივანიშვილი იჯდა. ის ბავშვობიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა და საქართველო ჩემპიონატში არასოდეს უთამაშია. ივანიშვილი შვეიცარიაში ბოლოს “ბელინცონაში” გამოდიოდა, ხოლო ბოლო წელიწადი არსად უთამაშია. 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობდა. ივანიშვილი ფეხბურთს “სპარტაკში” დაუბრუნდა.
“მერანს” ალექსანდრე კოშკაძე გამოაკლდა, რომელმაც მარტვილელთა რიგებში პირველ ტურში ითამაშა, ხოლო ახლა ლანჩხუთის “გურიას” დაუბრუნდა, სადაც წინა ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩაატარა.
გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშიდან თუ ვიმსჯელებთ, ისინი მიმდინარე სეზონშიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებენ.
პირველ ტაიმში მოედანზე სიტუაცია ორჯერ გამწვავდა.
35-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრილ გივი იოსელიანს გიორგი თექთურმანიძემ პასი არ დაუგვიანა და სტუმართა მარცხენა მცველმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მამალაძემ ბურთი ფეხით მოიგერია. 42-ე წუთზე, მოწინააღდეგის საჯარიმოში შესულმა დავით ბოლქვაძემ “ცაციათი” დაარტყა და ბურთი გიორგი ნადირაძემ მოიგერია.
55-ე წუთზე, აკაკი შულაია “მერანის” შეტევის დროს კარიდან გამოსულ ნადირაძეს შეეჯახა, თუმცა, მთავარმა მსაჯმა სტუმარ ფეხბურთელზე წესის დარღვევა არ დააფიქსირა. ამ ეპიზოდში “სპარტაკის” მეკარე მძიმე ტრავმას გადაურჩა.
90-ე წუთზე, ზურაბ მამალაძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელმაც მატჩსი ბედი გადაწყვიტა. მან პაპუნა ფონიავას ძალიან ცუდად გადააწოდა ბურთი, რომელიც თექთურმანიძემ ჩაჭრა, ხოლო ფონიავამ მეტოქე თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. თერთმეტმეტრიანი უჩა ბურძენაძემ ზუსტად შეასრულა და “სპარტაკს” მოაგებინა – 1:0.
15 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.
სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე (კ), კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, იოსელიანი, გივი გიგაური, ჭეჭელაშვილი (ბურძენაძე, 73), შინდაგორიძე (ივანიშვილი, 56), მახარობლიძე, თექთურმანიძე, მაქაცარია (ნიკა კაჭარავა, 60).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
მერანი: მამალაძე (კ), მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, გეგეჭკორი, წყაროზია, ფონიავა, ბოლქვაძე (ჯღამაია, 72), შულაია, წულაია (ციცხვაია, 82), ჩიმაკაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი.
გაფრთხილება: გიგაური (22), წყაროზია (44). კაჭარავა (84). მახარობლიძე (87), ციცხვაია (89), შულაია (90+2).
გოლი: 1:0 ბურძენაძე (90).
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.