ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი “მილანის” ხელმძღვანელობაზე განაწყენებულია. “როსონერის” ყოფილი კაპიტანი მადრიდის “ატლეტიკოსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სამარცხვინო მარცხმა (1:4) კიდევ უფრო აღაშფოთა.
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. შედეგებზე იმდენად არ ვღელავ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რასაც ბოლო 10 წელიწადი ვაშენებდით, დღეს ინგრევა. ეს ყველაფერი საშინლად მხდის. ვიცი, რამდენი მუშაობაც დასჭირდა “მილანის” დიადი ისტორიის შექმნას. ჭკუიდან გადავდივარ, როცა ეს ყველაფერი ინგრევა.
“მილანი” “იუვენტუსს” კონკურენციას ვერ უწევს. “როსონერი” არც ევროპის 10 საუკეთესო კლუბს შორისაა. პროექტი არ არსებობს”, - განუცხადა მალდინიმ იტალიურ პრესას.