ფეხბურთი

16:29 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძის გუნდი ელიტ-რაუნდის მატჩებს შვეიცარიაში ჩაატარებს

როგორც იცით, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაისად გაზაფხულზე, ელიტ-რაუნდში III ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ეყოლება ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი. საქართველო I კალათაში იყო, ისრაელი მეორეში, შვეიცარია მესამეში, კვიპროსი – მეოთხეში.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ "მსოფლიო სპორტს" აცნობა, მასპინძელი იქნება შვეიცარია – არასასიამოვნო ვარიანტია, რადგან შვეიცარიას ასაკობრივებში მუდამ კარგი გუნდი ჰყავს. ოთხივე ნაკრები მზად იყო მასპინძლობისთვის, ამიტომაც ერთმანეთს ხმა არ მისცეს და წილისყრაზე მიდგა საქმე. წილისყრამ შვეიცარიას არგუნა მასპინძლობა.

მატჩები 25, 27 და 30 მაისს გაიმართება. 

ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 19-31 ივლისს უნგრეთში გაიმართება.  

მეტოქეებზე: კვიპროსმა საკვალიფიკაციოში მეორე ადგილი დაიკავა – წააგო მასპინძელ ჩეხეთთან 1:4, ხორვატიასთან 2:2 ითამაშა და გიბრალტარს 7:0 სძლია. კუნძულელებმა ჯგუფში ჩატოვეს ხორვატები, კერძოდ, ბურთების შეფარდებით გაასწრეს. კვიპროსელთა ბომბარდირია ფორვარდი მაკრიასი, რომელმაც ჯგუფში 4 გოლი გაიტანა.

შვეიცარიამ სლოვენიაში ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და მეორე ადგილი დაიკავა: ანდორას 4:0 სძლიეს, სლოვენიას 3:1 აჯობეს და ინგლისტან ბოლო ტურში 0:1 წააგეს. 7 გატანილი გოლიდან 4 ეკუთვნის ფორვარდ შანი ტარაშაის.

ისრაელმა შინ ჩაატარა საკვალიფიკაციო მატჩები: იტალიას 2:0 სძლია, დანიასთან 1:3 წააგო და ლიხტენშტაინი 9:0 გაანადგურა. ჯგუფში პირველზე დანია გავიდა, მეორეზე კი – ისრაელი.

საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, მშვენივრად გვახსოვს: თბილისში ჩაატარა შეხვედრები და სამივე მოიგო – უელსთან 5:1, მოლდოვასთან 2:0 და ჰოლანდიასთან 2:1.     

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123517