ჩოგბურთი

17:28 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაიამიში გადამწყვეტი მატჩების დრო დგება

მაიამიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 5 427 105 დოლარი) ქალთა შეჯიბრის ფინალისტთა ვინაობა გაირკვა. კვირას, თბილისის დროით 21:00 საათიდან ერთმანეთის პირისპირ ამერიკელი სერენა უილიამსი და ჩინელი ნა ლი დადგებიან.

“სონი ოუფენ ტენისის” ნახევარფინალში სერენამ რუს მარია შარაპოვასთან 10-წლიანი წარმატებული სერია გააგრელა და მას მორიგი მარცხი აგემა – 6:4, 6:3. სლოვაკმა დანიელა ციბულკოვამ კი ავსტრალიის ღია პირველობასა და ინდიან-უელსში წაგებების გამო, ლისთან რევანშის აღება ვერ მოახერხა და ამჯერადაც დამარცხდა – 5:7, 6:2, 3:6.

აღსანიშნავია, რომ ჩინელი ჩოგბურთელი მაიამის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, უმცროს უილიამსთან ურთიერთშეხვედრებში კი 1:10 მარცხდება. “სონი ოუფენ ტენისის” ჩემპიონი რეიტინგში ერთბაშად 1000 ქულას შეიმატებს, ფულადი ჯილდოს სახით კი 787 ათას დოლარს მიიღებს.

ჯერჯერობით, ნახევარფინალების დროა მაიამის ვაჟთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 5 649 405 დოლარი). ჩემპიონობისთვის ბრძოლას მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები – რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი განაგრძობენ. მეოთხედფინალში ესპანელმა კანადელი მილოშ რაონიჩი 4:6, 6:2, 6:4 დაამარცხა, ხოლო სერბმა შოტლანდიელ ენდი მარეის უფრო იოლად – 7:5, 6:3 აჯობა.

ნახევარფინალში ნადალი ჩეხ ტომაშ ბერდიხს ეთამაშება, რომელმაც უკრაინელ ალეკსანდრ დოლგოპოლოვს 6:4, 7:6 (7:3) სძლია და ამ უკანასკნელს მასტერსის რანგის ტურნირში მეორედ გასვლის საშუალება არ მისცა. თავის მხრივ, 28 წლის ბერდიხმა კარიერაში 450-ე გამარჯვება იზეიმა რეიტინგის ტოპ-ხუთეულში დაბრუნება გაინაღდა.

მე-2 ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მოწინააღმდეგე იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება, რომელმაც ტურნირის უმთავრესი სენსაცია მოახდინა და მე-5 განთესვის მქონე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 3:6, 7:5, 6:4 დაამარცხა. ქალების ტურნირის მსგავსად, ვაჟთა შორის გამარჯვებულსაც 1000 ქულა და 787 ათასი დოლარი ერგება.

0.12351