ფეხბურთი

2:36 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული გმირობა და კანონზომიერება მიუნხენში

გმირობაა, აბა რა არის, დიეგო კოსტასა და არდა თურანის გარეშე “ატლეტიკომ” “ბარსელონა” ისეთ დღეში ჩააგდოს, კატალონიელებს თამაშის სურვილი დაუკარგოს. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში სწორედ ეს მოხდა და “ატლეტიკო” ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის 1/2-ფინალში 40-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

“ბარსელონასთან” რომ არდა თურანი ვერ ითამაშებდა, ეს მატჩის წინა დღეს გახდა ცნობილი. შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შემადგენლობები გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ “ატლეტიკოს” ლიდერი დიეგო კოსტა არათუ 11 კაცში, არამედ განაცხადშიც ვერ მოხვდა. “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით ერთ საათში, კატალონიელი ფეხბურთელები “ატლეტიკოს” ვერაფერს უხერხებდნენ და მეტოქეს წუთში რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას აძლევდნენ.

“ბარსელონას” გასაჭირი მე-5 წუთზე დაიწყო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა ადრიანმა ბურთი ძელს მოარტყა. მადრიდელთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან გაგრძელდა, ვილიამ საჯარიმოში ჩააწოდა, ადრიანმა თავით კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ უმეთვალყურეოდ დარჩენილ კოკეს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.

გოლის გაშვება სტუმრებისთვის ბევრს არაფერს ცვლიდა – კატალონიელებს ერთი ბურთი მანამდეც გასატანი ჰქონდათ. თუმცა, “ატლეტიკო” ამაზე გაჩერებას არ აპირებდა.

“ბარსელონა”, პირველ წუთებში, საკუთარი თამაშის მსხვერპლი იყო. ტატა მარტინოს შეგირდები ბურთის მოგერიებაზე უარს ჯიუტად ამბობდნენ, თუმცა ისინი ვერც ძალიან აქტიურად მოთამაშე “ატლეტიკოს” ფეხბურთელების პრესინგს უმკლავდებოდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში, მადრიდული გუნდი შეტევას შეტევაზე ახორციელებდა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი მე-11 წუთზე იყო, როდესაც ბუსკეტსმა ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგა და ვილია მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ასტურიელის დარტყმის შემდეგ “ბარსა” ძელმა იხსნა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, “ბარსელონამ” თამაში დააწყნარა და სახიფათო მომენტის შექმნაც მოახერხა. მე-13 წუთზე, ალვესი მარჯვენა ფლანგიდან აწვდიდა და მესი თავით ურტყამდა, მაგრამ არგენტინელს გოლის გატანამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

კატალონიელთა ეპიზოდური გამონათების შემდეგ, “ატლეტიკომ” შეტევები განაახლა და მე-19 წუთზე, დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ვილიამ ბურთი ძელს კიდევ ერთხელ მოარტყა.

მომდევნო სახიფათო მომენტი “ბარსელონამ” შექმნა. მარცხენა ფლანგზე ნეიმარმა ძალიან კარგად ითამაშა და მესი მოძებნა, მაგრამ არგენტინელის დარტყმა კვლავ მცირედით არაზუსტი იყო. ამის შემდეგ, შესვენებამდე, სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა.

მე-2 ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. კატალონიელებმა თამაშის დაწყნარება მოახერხეს, მაგრამ მარტინოს შეგირდებმა მხოლოდ 2 სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს. ორივე შემთხვევაში ნეიმარი აქტიურობდა, მაგრამ ბრაზილიელს ჯერ კურტუამ თავი არ მოატყუებინა, შემდეგ კი, მისი სახიფათო დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.

“ბარსელონამ” ბოლო სახიფათო მომენტი 78-ე წუთზე შექმნა. მას შემდეგ, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, კატალონიელებმა მადრიდელებს ვერაფერი მოუხერხეს და მეტიც, გოლის გატანის შანსები “ატლეტიკოს” ჰქონდა, მაგრამ პინტომ ჯერ გაბის, შემდეგ კი კრისტიან როდრიგესის რთული დარტყმები მოიგერია.

2 მატჩის ჯამში, “ატლეტიკომ” “ბარსელონას” ძლევა და 1974 წლის შემდეგ პირველად 1/2-ფინალში გასვლა ნამდვილად დაიმსახურა. კატალონიურმა გუნდმა კი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის თამაში 2003 წლის შემდეგ პირველად წააგეს, ხოლო 1/2-ფინალს მიღმა ბოლო 7 სეზონში პირველად დარჩა.

უკეთესი გუნდი გავიდა ნახევარფინალში მე-2 წყვილიდანაც. “მანჩესტერმა” “ბაიერნთან” გამართულ ორივე თამაშში ანგარიშის გახსნა კი მოახერხა, მაგრამ “წითელი ეშმაკები” გათამაშებას მაინც გამოეთიშნენ.

“ბაიერნის” უპირატესობით წარმართულ თამაშში პირველი გოლი 57-ე წუთზე გავიდა. ერთი კვირის წინათ გამართული შეხვედრის მსგავსად, “მანჩესტერის” მხრიდან თავი ამჯერადაც მცველმა გამოიჩინა. მარჯვენა ფლანგიდან ვალენსიას ჩაწოდების შემდეგ, ევრამ საჯარიმოს გარედან ნოიერს აუღებელი დაურტყა და 2 მატჩის ჯამში ინგლისელები 2:1 დააწინაურა.

მანჩესტერელთა სიხარულმა ძალიან ცოტა ხანს გასტანა. “ბაიერნმა” ანგარიში პირველივე შეტევაზე გაათანაბრა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან რიბერის ჩაწოდებას მანჯუკიჩმა ზუსტი თავური მოაყოლა.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, წინ უკვე “ბაიერნი” იყო. დე ხეას კარი, ახლო მანძილიდან დარტყმით, ტომას მიულერმა აიღო, რომელმაც რობენის გადაცემა გამოიყენა.

რამდენიმე წუთში “ბაიერნმა” კიდევ ერთი გოლი გაიტანა. რობენმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, საყვარელი მოძრაობებით რამდენიმე ფეხბურთელს გვერდი აუარა და საჯარიმოს წინა ხაზიდან დაარტყა. მცირე რიკოშეტის შემდეგ, ბურთი დე ხეას კარში აღმოჩნდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ყველა 1/2-ფინალისტი ცნობილია. საუკეთესო ოთხეულში “ჩელსი”, “რეალი”, “ატლეტიკო” და “ბაიერნი” მოხვდნენ. ეს გუნდები 11 აპრილს გასამართი წილისყრის დროს დაწყვილდებიან.

 

ატლეტიკო-ბარსელონა 1:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე, ტიაგო, გაბი, კოკე, ადრიანი (დიეგო 62), გარსია, ვილია (როდრიგესი 79).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

ბარსელონა (4-3-3): პინტო, ალვესი, ბარტრა, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა (პედრო 72), მესი, ფაბრეგასი (სანჩესი 61), ნეიმარი.

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

გოლი: 1:0 კოკე (5).

გაფრთხილებები: კოკე 90+1 – ბუსკეტსი 18, მასკერანო 90+2, ალვესი 90+3.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 14 (9)-11 (5), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-8, ჯარიმა: 15-9.

 

ბაიერნი-მანჩესტერი 3:1 (0:0)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, კროოსი, რობენი, მიულერი (პისარო 84), გიოტცე (რაფინია 65), რიბერი, მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა, ფლეტჩერი (ერნანდესი 74), კერიკი, ვალენსია, კაგავა, უელბეკი (იანუზაი 81), რუნი.

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: 0:1 ევრა (57), 1:1 მანჯუკიჩი (59), 2:1 მიულერი (68), 3:1 რობენი (76).

გაფრთხილებები: რაფინია 73 – ვიდიჩი 28, ევრა 70.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 25 (14)-6 (4), კუთხური: 11-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-11, ჯარიმა: 10-11.

0.337645