ფეხბურთი

10:59 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელებმა ინავარდეს

17 მაისს გასამართი კოპა დელ რეის ფინალის გამო, მადრიდულმა კლუბებმა – „რეალმა“ და „ატლეტიკომ“ თავიანთი მატჩები დღეს ჩაატარეს. ეს შეხვედრები ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36–ე ტურის შეხვედრებთან ერთად უნდა ჩატარებულიყო.

სამეფო თასის ორივე ფინალისტმა მატჩები დამაჯერებლად მოიგეს. ეს განსაკუთრებით „რეალზე“ ითქმის, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 1/4–ფინალისტ „მალაგას“ უმასპინძლა და 6:2 დაამარცხა.

„სამეფო კლუბმა“ მატჩი აქტიურად დაიწყო და მიზანს მე–3 წუთზევე მიაღწია – კუთხურისას შეტევაში ჩართულმა რაულ ალბიოლმა თავური დარტყმით აიღო ანდალუსიელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში, ვეტერანმა როკე სანტა კრუზმა დაასრულა კუთხური გოლით, რისი წყალობითაც „მალაგამ“ წონასწორობა მალევე აღადგინა.

21–ე წუთზე, ძალზე საკამათო ვითარებაში, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან სერხიო სანჩესი გააძევა, რომელმაც, მსაჯის აზრით, კრიშტიანუ რონალდუსთან ორთაბრძოლაში დაარღვია თამაშის წესი. დაინიშნა პენალტი, რომლის შესრულებაც თავად პორტუგალიელმა ითავა, მაგრამ ანდალუსიელთა მეკარემ დარტყმული მოიგერია. ხუთიოდ წუთში, რონალდუმ მაინც გაიტანა – თავისუფალი დარტყმით.

მოგვიანებით, მესუთ იოზილმა ეფექტურად ჩამოიცილა მეტოქე და კიდევ ერთხელ დაამწუხრა ანდალუსიელები, რითაც თავის გუნდს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა და გამარჯვებულის ვინაობაც სანახევროდ ცხადყო. „მალაგამ“ ანგარიშში სხვაობის შემცირება პირველსავე ტაიმში მოასწრო, მაგრამ შესვენებამდე მცირე ხნით ადრე, კარიმ ბენზემამ ხელსაყრელი პოზიციიდან აიღო მეტოქის კარი და ტაბლოზე 4:2 ააციმციმა.

მე–2 ტაიმში, მსაჯმა მინდვრიდან სტუმართა კიდევ ერთი ფეხბურთელი გააძევა და ანდალუსიელებს იმედი საბოლოოდ გადაუწურა. საპასუხოდ, „სამეფო კლუბი“ არ ცხრებოდა და მეტოქეს კიდევ 2 ბურთი გაუტანა – 6:2.

ვიგოში გამართული მატჩის პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა – „სელტამ“ და „ატლეტიკომ“ საწყის 45 წუთში გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს. სამაგიეროდ, შეხვედრის მე–2 ნახევარში, „ბალაიდოსზე“ შეკრებილმა მაყურებელმა 4 გოლი იხილა.

„ატლეტიკო“ 47–ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც დიეგო კოშტამ ჟუან მირანდას ჩაწოდებულს დაჰკრა თავი და მასპინძლები პირველად დაამწუხრა. რამდენიმე წუთში, ხუანფრანს მიეცა თავის გამოჩენის შანსი და მიზანსაც არ უმტყუნია – 0:1.

მატჩის მიწურულს, აუგუსტო ფერნანდესმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ რადამელ ფალკაომ ვიგოელთა იმედებს ცივი წყალი გადაასხა და თავის გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით მოაგებინა.

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 21000

სელტა – ატლეტიკო 1:3 (0:0)

სელტა: ვარასი, ტუნიესი, ლაგო, ხონი (ბერმეხო 65, დე ლუკასი 77), ოუბინია, ფერნანდესი, ინსა, ვილა, ლოპესი (ორელიანა 54), კრონ–დელი, ასპასი.

მწვრთნელი: აბელ რესინო

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, გაბი, სუარესი (ტიაგუ 46), კოკე (როდრიგესი 75), ადრიანი, ფალკაო.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 კოშტა (47), 0:2 ხუანფრანი (66), 1:2 ფერნანდესი (83), 1:3 ფალკაო (86)

გაფრთხილებები: ლოპესი (22), ხონი (26), ლაგო (44) – სუარესი (23), გოდინი (33), გაბი (57), ტიაგუ (60)

არში დარტყმა: 8 (4) – 10 (6) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 48% - 52%

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 72000

რეალი – მალაგა 6:2 (4:2)

რეალი: ლოპესი, ალბიოლი, კოენტრაუ (ფაბინიო 76), ნაჩო, ვარანი, ალონსო, მოდრიჩი (დი მარია (65), ესიენი, იოზილი, რონალდუ, ბენზემა (იგუაინი 68).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მალაგა: კაბალიერო (კამენი 40), დემიკელისი, ლუგანო, ანტუნეში, სანჩესი, ბაპტიშტა (იტურა 27), კამაჩო, ელიზეუ (ონიევუ 75), ისკო, პორტილიო, სანტა კრუსი.

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 ალბიოლი (3), 1:1 სანტა კრუსი (15), 2:1 რონალდუ (26), 3:1 იოზილი (33), 3:2 ანტუნეში (36), 4:2 ბენზემა (45), 5:2 მოდრიჩი (63), 6:2 დი მარია (90)

გაფრთხილებები: რონალდუ (80) – სანტა კრუსი (26), დემიკელისი (45), იტურა (80)

გაძევებები: სანჩესი (21), დემიკელისი (73)

არში დარტყმა: 15 (10) – 6 (3) ჯარიმა: 12 - 8 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 7 - 0 ბურთის ფლობა: 58% - 42% 

0.136903