ჭიდაობა

17:45 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “ნაკრების სამზადისში მეც ჩავერთვები”

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ აცნობა. გასულ კვირას ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებების გამოსვლის შესაჯამებელ პრესკონფერენციაზე მხოლოდ კურტანიძემ ისაუბრა. ნაკრებების მწვრთნელები კი დარბაზში ისხდნენ, მოჭიდავეებთან ერთად და მოკლე კომენტარები პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მიერ საერთო გუნდურ ჩათვლაში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ზოგიერთი წარმატებულ შედეგად მიიჩნევს. ვერაფრით დავეთანხმები ამ ხალხს. 91 ქვეყნის ნაკრებს შორის მესამე შედეგის ჩვენება და შვიდივე წონით კატეგორიაში ჩასათვლელი ქულის აღება ურიგო შედეგი მართლაც არაა, ოღონდ არა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც ჭიდაობაში გაცილებით დიდი ამბიცია აქვს.

გულდაწყვეტილი გულშემატკივრების კრიტიკის კარგად მესმის და თავს მოვალედ ვთვლი, მიმდინარე პროცესში უფრო აქტიურად ჩავერთო. უშუალოდ სპორტსმენების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მათ რაც შეეძლოთ, ყველაფერი გაიღეს. პრობლემა გუნდის მობილიზებასა და საერთო დისციპლინაში უფრო უნდა ვეძიოთ. აქამდე ნაკრებების სამზადისში, მწვრთნელთა კომპეტენციაში არ ვერეოდი, მაგრამ ამის აუცილებლობა გამოჩნდა. ბევრი რამის შეცვლაა საჭირო და ვეცდები პროცესში უფრო აქტიურად ჩავერთო. ჩემი გამოცდილებით ნამდვილად მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია საერთო საქმისთვის.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისგან მინიმუმ 4 მედალს ველოდი და საბოლოო შედეგით ცხადია უკმაყოფილო ვარ. ბერძენ-რომაელებთან კი არავითარი პრეტენზია არ მაქვს. შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში დებიუტანტს მოუწია მსოფლიოს ხალიჩაზე გასვლა და ვფიქრობ, უდიდესი გამოცდილება მიიღეს. რაც შეეხება გუნდის ერთადერთ გამოცდილ წევრს, რევაზ ლაშხს, წონის პრობლემა აწუხებს და მომავალში აუცილებლად შეიცვლის წონით კატეგორიას.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობები საქართველოს თასის შედეგებით დაკომპლექტდა. ეს გადაწყვეტილება შედეგს სამომავლოდ აუცილებლად მოიტანს. წინ საქართველოს ჩემპიონატია, რომელზეც კარგად ნახავთ, როგორ გაიზრდება შიდა კონკურენცია. აღარავის ექნება ამბიცია, რომ ნაკრებში ვერავინ ჩაანაცვლებს. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის უძლიერესი შემადგენლობები გვეყოლება.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, 15 ნოემბერს მწვრთნელებთან ერთად დავსხდებით, ვისაუბრებთ და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმს წარვუდგენთ ცვლილებებს. განხორციელდება შიდა გადაადგილებები და მთავარ მწვრთნელებს ნდობის გრძელვადიანი მანდატი მიეცემათ – კონტრაქტები მომავალ ოლიმპიურ თამაშებამდე გაუფორმდებათ, რათა მშვიდად და რაც მთავარია, გეგმაზომიერად იმუშაონ” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთი საინტერესო სიახლეც გაახმაურა – უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრებების სავარჯიშო პროცესში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან, რომლებიც საერთო ფიზიკურ მომზადებას მიხედავენ.

“გერმანელებს ამ საქმეში ბადალი არ ჰყავთ. შესაძლოა რუსეთში ფიზმომზადების მხრივ არ უჭირთ, მაგრამ ამას პირველყოვლისა, ტალანტის ხარჯზე აღწევენ. გერმანიაში კი ეს პროცესი მეცნიერულ დონეზეა აყვანილი და პროცესიც გაცილებით გამართულია. ამ ჯგუფთან 12-წლიანი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, მათთან თანამშრომლობა ჩვენს ჭიდაობას სასიკეთოდ წაადგება” – დასძინა კურტანიძემ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოთარ ტატიშვილს “მსოფლიო სპორტმა” ჰკითხა, ოპტიმალური იყო თუ არა ის შემადგენლობა, რომელიც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე იახლა. ცხადია, ფედერაციის ხელმძღვანელობის იმ დირექტივის შეფასება გვსურდა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადი მხოლოდ საქართველოს თასის ჩემპიონებით უნდა დაკომპლექტებულიყო. ტატიშვილმა გვითხრა, რომ ბუდაპეშტური მსოფლიოს პირველობა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი ციკლის პირველი საფეხური იყო.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დამრიგებელმა რევაზ მინდორაშვილმა კი განაცხადა, რომ გუნდს უკეთესად გამოსვლაში ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუშალა. მათ შორის, მსაჯების მიერ დაშვებულმა რამდენიმე შეცდომამ. მწვრთნელმა იქვე დასძინა, თუ მომავალში საშუალება კიდევ მიეცემათ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ეცდებიან.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.145445