ჭიდაობა

22:27 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “ცვლილებები გარდაუვალია”

 საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში განსახორციელებელ ცვლილებებს, მოჭიდავეთა დღევანდელი პროტესტის მიუხედავად გარდაუვლად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, კურტანიძემ გუშინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2014 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართული გუნდების გამოსვლა უარყოფითად შეაფასა და მთავარ მწვრთნელებს რევაზ მინდორაშვილსა (თავისუფალი ჭიდაობა) და ბეგი დარჩიას (ბერძნულ-რომაული) თანამდებობა დაატოვებინა. ამასთან, ორშაბათისთვის ახალი სამწვრთნელო შტაბების წარდგენა დააანონსა. დღეს კი, ვაკის ფალავანთა კლუბში ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოჭიდავეები შეიკრიბნენ და კურტანიძის კაბინეტის კარი აჭედეს.

"სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმის უკეთ კეთებაზე უნდა ფიქრობდნენ, კარის აჭედვით არიან დაკავებულნი. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ის ცვლილებებია, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ. ეს ნაბიჯი გარდაუვალია, თუკი გვინდა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე შედეგი გვქონდეს. მინდა მათ ვურჩიო, ვინც შიდაგანაწესს არ ემორჩილება, საკითხს საღი თვალით შეხედონ. ქართული ჭიდაობის ინტერესებიდან გამომდინარე ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

 

ვასილ მშვილდაძე

0.194233