ფეხბურთი

2:33 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონი ჩემპიონთა ლიგას ფინალამდე ემშვიდობება?!

თუ მიუნხენში რაიმე სასწაული არ მოხდა, ფინალურ მატჩამდე, ინგლისის დედაქალაქი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს აღარ უმასპინძლებს. ერთადერთი ლონდონური გუნდი, რომელიც უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირს ჯერ კიდევ შემორჩენილია, “არსენალია”, რომელმაც 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა შინ 1:3 წააგო.

თუ ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებულ შედეგებს გადავხედავთ, გამოვა, რომ “არსენალის” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ 2.2% არის.

ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში, სულ ორმა გუნდმა მოახერხა ფლეი ოფის პირველი მატჩის შინ წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასვლა. ეს ჯერ “აიაქსმა”, ხოლო შემდეგ “ინტერმა” შესძლო. და მივადექით იმ ერთადერთ ფაქტს, რომელიც “არსენალს” მცირედი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს – “აიაქსმაც” და “ინტერმაც” გათამაშებიდან მიუნხენის “ბაიერნი” გამოთიშეს.

რაც შეეხება “ემირეითსზე” გამართულ შეხვედრას – დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია. “ბაიერნი” უპირატესობას ფლობდა და დამტკიცდა, რომ დღეს, მიუნხენელებს “არსენალზე” უკეთესი გუნდი ჰყავთ.

მიუნხენელებმა სოლიდური უპირატესობა საკმაოდ მალე მოიპოვეს. მე-7 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მიულერის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომმა კროოსმა ძლიერად და ზუსტად დაარტყა. 21-ე წუთზე, გოლი თავად მიულერმა გაიტანა. სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს და შესნიმ ვან ბუიტენის თავური კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მიულერმა ივარგა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა.

“არსენალი” მე-2 ტაიმში შედარებით აქტიურობდა. ლონდონელებმა 2 სახიფათო მომენტი შექმნეს, რომელთაგან პირველი გოლად აქციეს. 55-ე წუთზე, უილშირის მიერ კუთხურის მოწოდების შემდეგ, ნოიერი კარიდან გაუმართლებლად გამოვიდა და პოდოლსკის იოლი გოლის გატანის საშუალება მისცა. მასპინძლებმა მე-2 მომენტი მოედანზე ჟირუს შესვლის შემდეგ შექმნეს, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან, ფრანგმა შემტევმა ბურთი ნოიერს ვერ ააცილა.

“არსენალი” ზეწოლას აძლიერებდა, როდესაც ლონდონელებმა საკუთარ კარში მე-3 ბურთი მიიღეს. საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შესულმა ლამმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, შესნიმ უცნაური მოძრაობა გააკეთა, ხოლო სანიამ მანჯუკიჩს ვერ აჯობა. 1:3 და შეიძლება ითქვას, რომ “ბაიერნი” მეოთხედფინალშია.

ბევრი არაფერი გარკვეულა მე-2 წყვილში. “მალაგამ”, ევროტურნირებზე, თავისი 25-ე თამაში ჩაატარა და მხოლოდ მე-2 წააგო. ამჯერადაც ქალაქ პორტუში. “ბოავიშტას” შემდეგ, ანდალუსიელთა დამარცხება “პორტუმ” მოახერხა და მანაც ანგარიშით 1:0.

პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში, უპირატესობას მასპინძელი გუნდი ფლობდა, რომელმაც თამაშის ერთადერთი გოლი მე-2 ტაიმის დასაწყისში გაიტანა. 56-ე წუთზე, მარცხენა ფლანგზე კარგად მოთამაშე ალექს სანდროს გადაცემის შემდეგ, თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა მოუტინიომ ბურთს მიმართულება მცირედით შეუცვალა, რაც თამაშის მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

 

არსენალი-ბაიერნი 1:3 (0:2)

ლონდონი, “ემირეითსი”

არსენალი (4-2-3-1): შესნი, სანია, მერტეზაკერი, კოსილნი, ვერმაელენი, უილშირი, არტეტა, რემსი (როსიცკი 71), კასორლა, პოდოლსკი (ჟირუ 71), უოლკოტი.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, მარტინესი, შვაინშტაიგერი, მიულერი, კროოსი (გუსტავო 73), რიბერი (რობენი 63), მანჯუკიჩი (გომესი 79).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 მიულერი (21), 1:2 პოდოლსკი (55), 1:3 მანჯუკიჩი (77).

გაფრთხილებები: ვერმაელენი 15, სანია 22, არტეტა 24, პოდოლსკი 66, რემსი 67 – შვაინშტაიგერი 36, მიულერი 58,  ლამი 90.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 5 (4)-14 (6), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 14-19.

 

პორტუ-მალაგა 1:0 (0:0)

პორტუ, “დრაგაო”

პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო, ლუჩო გონსალესი (კასტრო 90), ფერნანდო, მოუტინიო, იზმაილოვი (აცუ 70), მარტინესი, ვარელა (როდრიგესი 58).

მწვრთნელი: ვიტორ პერეირა.

მალაგა (4-4-2): კაბალიერო, სანჩესი (პორტილიო სოლერი 63), დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნესი, სანჩესი, ტულალანი, იტურა (კამაჩო 78), ისკო, ბაპტიშტა (პიასონი 78), სანტა კრუსი.

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

გოლი: 1:0 მოუტინიო (56).

გაფრთხილება: იტურა 75.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 12 (5)-1 (1), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 13-16.

0.114312