ლიტვის ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც დღეს საღამოს თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ჩაატარებს საქართველოს ნაკრებთან, თბილისში 90 კგ წიგნები და ალბომები ჩამოიტანა. ამის შესახებ ამ სტრიქონების ავტორს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ლიტვური ენის და კულტურის ცენტრის ხემძღვანელმა, ვილნუსელმა პროფესორმა ვიდას კავალიაუსკასმა შეატყობინა. ეს წიგნები და ალბომები ზემოაღნიშნულ ცენტრს საჩუქრად გამოუგზავნა ლიტვის ოლიმპიურმა კომიტეტმა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხოლო თბილისში მათი ჩამოტანა უზრუნველყო ლიტვის ხელბურთელთა ნაკრებმა.
ლიტვის ენისა და კულტურის ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წლის ოქტომბერში დაარსდა და მის მუშაობას ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს. ცენტრში თბილისის 4 უნივერსიტერის 40-მდე სტუდენტი უფასოდ სწავლობს ლიტვურ ენას და კულტურას, საუკეთესო სტუდენტები სხვადასხვა პროგრამებით ლიტვაში მიემგზავრებიან, ექსკურსიებზე, ენის საზაფხულო კურსებზე, ასევე სასწავლებლად ლიტვის სხვადასხვა უნივესიტეტებში. ცენტრს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტუმრობდნენ საქართველოს და ლიტვის ცნობილი მოღვაწეები - პოლიტიკოსები, დიპლომატები, კულტურის მოღვაწეები.
ბატონმა ვიდას კავალიაუსკასმა დღეს დილით გამაცნო ლიტვის ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გინტარას სავუკინასი. მე მათთან და ლიტვის ნაკრების წევრებთან ერთად დავესწარი მათ შეხვედრას სტუ-ში ცენტრის სტუდენტენთან. ქართველი სტუდენტები ლიტვურ ენაზე მიესალმნენ სტუმრებს, სავუკინასმა კი მადლობა გადაუხადა მათ და გადასცა ცენტრს გუნდის საჩუქრები - სპორტული უმიფორმები, მაისურები ავტოგრაფებით და ხელბურთის ბურთი.
ამ სტრიქონების ავტორმაც გადასცა საჩუქარი ლიტვის ნაკრების მთავარ მწვრთნელს - ქუდი და ქართული ჭაჭა. „საქართველოში ისტორიულად ძალიან უყვართ ლიტვა, დიდ პატივს სცემენ ლიტველ სპორტსმენებს, მაგრამ არ გეწყინოთ - დღეს საქართველომ უნდა მოუგოს ლიტვის ხელბურთელთა ნაკრებს“, - ვუთხარი მე მათ. მთავარმა მწვრთნელმა ღიმილით მომიგო: „ამ სიტყვებს ბიჭებს არ ვუთარგმნი“ და დაინტერესდა იმით, მოსალოდნელია თუ არა დღეს თამაშზე სპორტის სასახლეში ანშლაგი. „ჩვენ სერიოზულად ვემზადებით მატჩისთვის და იმედია, რომ საინტერესო შეხვედრა იქნება“, - დასძინა სავუკინასმა.
მე კი მინდა მოვუწოდო გულშემატკივრებს დაესწრონ დღევანდელ მატჩს და აქტიურად უქომაგონ საქართველოს ნაკრებს. თუ სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება, ეს ჩვენი ნაკრებისთვის წარმატების დიდი სტიმული გახდება, ლიტვის ნაკრები კი ძალიან აღელვდება, როცა სავსე ტრიბუნებს დაინახავს.
თენგიზ პაჭკორია, სპეციალურად www.worldsport.ge - თვის
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები