კალათბურთი

22:54 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანმა სამინისტრო ზეწოლაში დაადანაშაულა

 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. სამწუხაროდ, იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებულმა საქართველოს ნაკრებმა 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო (პოლონეთი), 6-გუნდიან ჯგუფში, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად, თანაბარი ქულები დააგროვა და IV-VI ადგილები გაინაწილა.

“ჯვაროსნებმა” ევრო-2013-ის ფინალური ტურნირი კარგად დაიწყეს, რომლებმაც პოლონეთი დიდი ანგარიშით – 84:67 დაამარცხეს. ქართველმა კალათბურთელებმა მეორე ტურში დიდი ბრძოლა გამართეს მეორე ადგილზე გასულ ხორვატიასთან, მატჩის ბედი კინკილა ქულამ გადაწყვიტა სამხრეთსლავების სასარგებლოდ – 76:77. ქართველ კალათბურთელებს თავი არც მესამე შეხვედრაში, მასპინძლებთან მატჩში შეურცხვენიათ, სლოვენიას დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ – 68:72.

გადაღლილმა “ჯვაროსნებმა” მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, ბოლო ორ შეხვედრაში ჩეხეთთან (79:95) და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან (59:83) დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ევრო-2013-ის ფინალური ტურნირისთვის ბრძოლას 2014 წლის ზაფხულში დაიწყებს. თუ რომელ გუნდებთან მოუწევთ ქართველებს შესარჩევ ტურნირში თამაში, მომავალი წლის იანვარში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

13 სექტემბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის თანაშემწე დავით უსტიაშვილმა ფედერაციის შენობაში მასმედიისთვის ბრიფინგი მოაწყვეს. ბრიფინგი რატიშვილმა გახსნა, რომელმაც მასმედიას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შემდეგ სიტყვა ფედერაციის პირველმა პირმა ლიპარტელიანმა აიღო.

-    მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები ორი გამოკვეთილი ლიდერის, ნბა-ში მოასპარეზე ტრავმირებული ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე ასპარეზობდა, გამოცდილ მეტოქეებს ტოლი არ დაუდო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა. პოლონეთთან დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა იდეალურად ითამაშა ხორვატიასთან, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია და გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ხორვატებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, დიდი შანსი აქვთ სამეულში მოხვდნენ და ერთ-ერთი სინჯის მედალი მოიპოვონ. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს და სლოვენიასთანაც ძალიან კარგად ითამაშეს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული შეხვედრა მსაჯებმა წაგვაგებინეს. ამის შემდეგ ბიჭებს დაღლა დაეტყოთ და ჩეხეთთან და ესპანეთთან უშანსოდ დავმარცხდით. მართალია, განაცხადში 12 კალათბურთელი იყო, მაგრამ ფინალური ეტაპის მატჩების სიმძიმემ 5 კალათბურთელზე გადაიარა. ტრავმირებულები თამაშობდნენ რიკი ჰიკმენი და მანუჩარ მარკოიშვილი. ჰიკმენმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი იღრძო, ხოლო მარკოიშვილს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და რამდენიმე შეხვედრაში გამაყუჩებელი გამოიყენა.

ევრო-2011-ის ფინალურ ტურნირზე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. მართალია, ამჯერად უარესი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრების თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლების მხრიდან იოტისოდენა ყურადღებაც კი არ გვიგრძვნია. პოლონეთთან მოგების შემდეგ ჩვენთვის არავის დაურეკავს. აქამდე თავს ვიკავებდი და შეგნებულად არაფერს ვამბობდი. ახლა მზად ვარ ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან განიცდის კალათბურთის ფედერაცია.

-    კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?

-    პირდაპირ მითხრეს, რომ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტი დავტოვო და ადგილი მიხეილ ახვლედიანს დავუთმო. იმ ახვლედიანს, რომელსაც ბოლო წლებში კალათბურთისთვის საქართველოში ერთი თეთრის საფასური არაფერი გაუკეთებია და ძირითადად ესპანეთში დროსტარებით ირთობდა თავს. უსამართლოდ მოექცნენ დავით უსტიაშვილს (“ქუთაისი-2010”-ის ყოფილი მწვრთნელი), მიხეილ ბერუაშვილს (“რუსთავის” ყოფილი მწვრთნელი”) და გია კაზანჯიანს (“ოლიმპის” ყოფილი მწვრთნელი), რომლებიც, შესაბამისად, 20, 18, 16 წლამდელთა ნაკრები გუნდების მწვრთნელები არიან. ეს მწვრთნელები ზემოთ ნახსენები კლუბებიდან ისე გაუშვეს, არაფერი უკითხავთ. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ თანაშემწე კოტე ტუღუშსაც უპირებდნენ “არმიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებას, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. ამ ყველაფერში ბრალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს მიუძღვის, რომელიც უხეშად ერევა როგორც კალათბურთის ფედერაციის, ისე სუპერლიგის გუნდების საქმიანობაში.

-    2013 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. როდის არის დაგეგმილი მისი ჩატარება?

-    ამ დღეებში შეიკრიბება კალათბურთის ფედერაციის გამგეობა და არჩევნების ჩატარების თარიღს დანიშნავს.

-    აპირებთ აღნიშნულ არჩევნებში პრეზიდენტის პოსტსზე თქვენი კანდიდატურის დაყენებას?

-     ჯერ არ მომიფიქრებია, ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს.

-    ცნობილია პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, ვეტერანი კალათბურთელები მიხეილ ახვლედიანი და ვლადიმერ ბოისა. მათ შესახებ რას გვეტყვით?

-    ­ ახვლედიანის “დამსახურება” ისაა, რომ ყიფიანის უახლოესი მეგობარია და მისი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, მისი დამსახურება დიდია ქართული კალათბურთის წინაშე და ვთვლი, რომ კარგი კანდიდატურაა. ვფიქრობ, პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატები კიდევ გამოჩნდებიან.

-     რას გვეტყვით ფედერაციის მიერ ჩაშლილად გამოცხადებული რიგგარეშე ყრილობის შესახებ, რომელიც დეპუტატთა ნაწილმა გააგრძელა და რამდენიმე გადაწყვეტილებაც მიიღო?

-    - რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ ჩვენ მიერ ჩაშლილად გამოცხადებული ყრილობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ ყრილობასთან დაკავშირებით წერილობით მივმართეთ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტს და გადაწყვეტილებას პასუხის შემდეგ შემდეგ მივიღებთ.

-        თუ მოხდება ფედერაციის წესდებაში ცვლილების შეტანა, რომელსაც რიგგარეშე ყრილობაზე აპირებდით?

-        ვაპირებ შემოვიარო საქართველოს რეგიონები და კალათბურთის ფედერაციაში დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს წესდებაში მოსალოდნელი ცვლილებები გავაცნო. ამის შემდეგ ჩავატარებთ რიგგარეშე ყრილობას, რომელიც წესდებაში ცვლილებას შეიტანს.

 დავით უსტიაშვილი: ნაკრებმა ევრო2013–ისთვის მზადება ისე გაიარა, რომ ხელისუფლებისგან იოტისოდენა ყურადღება არ უგრძვნია

-    ეროვნული ნაკრების წევრებმა თუ მიიღეს ევრო 2011-სთვის დაწესებული პრემიალურები?

-    წინა ხელისუფლებამ არ მოგვცა, ახალი ამბობს, ჩემი დაწესებული არ ყოფილაო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კალათბურთელებს პრემიალურები არ მიუღიათ.

-    რატომ თამაშობდა ჩვენი ნაკრები ერთი ცენტრით?

-    ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი შერმადინის დახმარება ნიკოლოზ ცქიტიშვილს ევალებოდა, რომელიც ამას ადრეც აკეთებდა და კლუბშიც ხშირად აკეთებს.

-    მწვრთნელის პოსტზე სუპერლიგის რომელიმე კლუბი ხომ არ დაგკავშირებიათ?

-    ჯერჯერობით ისევ უმუშევარი ვარ.

ლიპარტელიანის ბრალდებებზე ლევან ყიფიანმა კომენტარი გააკეთა: “პირველი არხის გადაცემა “არენაში” და 13 სექტემბერს კალათბურთის ფედერაციაში მოწყობილ ბრიფინგზე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა “სიახლეების” კასკადი მოაწყო. ყველაფერი, რაც ლიპარტელიანმა ამ ბრიფინგზე განაცხადა, სრული სიცრუეა. თურმე მე ვლობირებ კონკრეტულ პიროვნებებს. ეს არის არნახული სიცრუე. მე და ჩემმა ჯგუფმა სამინისტროში მოსვლისთანავე განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრინციპი ფედერაციების მუშაობაში ჩაურევლობა იქნებოდა და ასეცაა. თურმე მე ვერევი კლუბებში მწვრთნელების მოხსნა-დანიშვნებში. არ ვაქცევ ყურადღებას ნაკრების მომზადების პროგრამას... ამ ყველაფერს კადრულობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი. მოვითხოვ ყველა იმ ბრალდებაზე მტკიცებულებას, რომელსაც მე, ლევან ყიფიანს, ბესიკ ლიპარტელიანი მიყენებს.


0.195435