ფეხბურთი

13:54 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები

უზბეკეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 25-ე ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” თავის მოედანზე “შურტანს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. კახა მახარაძემ ტაშკენტელებს შეუცვლელად უკაპიტნა. “ფახთაქორს” 53 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-4 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მახარაძის გუნდს ზედიზედ 8 თამაში არ წაუგია – 7 გამარჯვება და ერთი ფრე. ბოლოს “ფახთაქორი” 17 აგვისტოს შინ “ოლმალიქთან” დამარცხდა (1:2).

“ოლმალიქმა”, სადაც  გიორგი კვესიეშვილი გამოდის, სტუმრად “ყიზილყუმთან” 2:4 წააგო. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ოლმალიქს” 39 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.

ბრესტის “დინამომ”, რომელიც ბელარუსის პრემიერლიგაში დარჩენა ცდილობს, შინ “ნაფტანს” ვერ აჯობა – 1:1. უჩა გოგოლაძე მასპინძლების რიგებში მოედანზე 84-ე წუთიდან გამოჩნდა. ბრესტელებს 31 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

“ატირაუმ”, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, გასვლაზე “აკჟაიკთან” 0:3 წააგო. გიორგი ფეიქრიშვილი დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ატირაუს” 28 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-17 ტურში, “მიკოლაევმა” ტერნოპოლის “ნივა” მიიღო და 1:4 წააგო. გიორგი ჯგერენაიამ “მიკოლაევის” სასტარტოში ითამაშა და 64-ე წუთზე შეცვალეს. “მიკოლაევმა” 15 ქულა დააგროვა და 16 გუნდში ბოლოსწინა პოზიციაზეა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში, კაპანის “განძასარი” შინაურ კედლებში ერევნის “არარატთან” 0:1 დამარცხდა. შოთა ჯიქიამ მასპინძლებში ორი ტაიმი ითამაშა. “განძასარს” 16 ქულა აქვს და 8 გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.

“ულისესმა” სტუმრად “შირაქთან” 1:2 წააგო. თენგიზ უგრეხელიძე სტუმართა სამატჩო განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. მისი გუნდი 9 ქულით მეშვიდეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 35-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” კაუნასის “ჟალგირისს” უმასპინძლა და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. “ბანგამ” თავი 34 ქულას მოუყარა და 9 გუნდში მე-6 პოზიციაზეა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-14 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” შინაურ კედლებში “აკადემია” 3:0 დაამარცხა. თორნიკე სტეფნიაშვილი მასპინძელთა შემადგენლობაში 72-ე წუთიდან გამოჩნდა. “ზიმბრუს” 24 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-6 ადგილზე იმყოფება.

ბელცის “ოლიმპია” “კოსტულენს” ესტუმრა და 1:5 წააგო. ბელცელებში ბექა ქართველიშვილს არ უასპარეზია. “ოლიმპიას” 8 ქულა აქვს და მეათეა.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-15 ტურში, “ჰალეშერმა” საკუთარ მოედანზე “საარბრიუკენს” ვერ მოუგო – 1:1. აკაკი გოგიამ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ჰალეშერი” 20 ქულით 20 გუნდში მეთორმეტეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგაში (მე-3 ლიგა) “ლუზენაკი” სტუმრად “პარიზთან” 1:3 დამარცხდა. ამირან სანაია მასპინძელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 72-ე წუთზე შეცვალეს. “ლუზენაკს” 19 ქულა დაუგროვდა და 18-გუნდიან ნაციონალ ლიგაში მეოთხეა.

რუმინეთის ლიგა I-ში “გაზ მეთანმა” გასვლაზე “ასტრასთან” 1:3 წააგო. გიორგი ალავერდაშვილს “გაზ მეთანში” არ უთამაშია, რადგან სამუშაო ვიზის ასაღებად თბილისშია და კიდევ რამდენიმე ტურს გამოტოვებს. მედიაშელებს 19 ქულა აქვს და 18-გუნდიან პირველობაზე მე-7 ადგილზე არიან.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118179