აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ბაკი"-"ინტერის" დერბი 0:4 დასრულდა. კახა ცხადაძის გუნდმა მილენკო პანტიჩის გაწვრთნილები გაანადგურა. ერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა, რომელმაც 50-ე წუთზე 0:2 გახადა ანგარიში. ეს ბაჩანას მეათე გოლია მიმდინარე სეზონში. ერთი ბურთი თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა მიკელ ალვარომაც მიითვალა.
ბაჩანამ 58 წუთი ითამაშა, ალექსანდრე იაშვილი შესვენებისას შეცვალეს, გიორგი ლომაიასა და ლაშა სალუქვაძეს კი არ უთამაშიათ. "ინტერი" მეორე ადგილზეა, სულ 6 ტური დარჩა და ლიდერ "ყარაბაღს" 10 ქულით ჩამორჩება.
თავის მხრივ, "ყარაბაღმა" ზაქათალაში 0:1 წააგო გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილ "სიმურგთან", რომელიც მეექვსე პოზიციაზეა. დამარცხებულთა შორის მეორე ტაიმი ითამაშა ნიკა გელაშვილმა, ხოლო ჯაბა დვალი (მცირე ტრავმა) მოედანზე არ გამოჩენილა.
რუსეთში ყაზანის "რუბინმა" შინ 2:1 სძლია მოსკოვის "სპარტაკს" და მეათე საფეხურზეა. ყაზანელთა შორის შეუცვლელად გაისარჯა საბა კვირკველია.
უკრაინაში ლვოვის "კარპატიმ" გასვლაზე 1:0 აჯობა "ტავრიას". ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ასევე სასტარტოში იყვნენ ევგენი ბოხაშვილი და ამბროსი ჩაჩუაც, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან და იქაურ ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშიათ. "კარპატი" მე-11 ადგილზეა.
ჯაბა ლიპარტიას 'ზორიამ" გასვლაზე 2:0 აჯობა "ვოლინს" და მეექვსე პოზიციაზე გადავიდა. ლიპარტია დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა შეხვედრას.