შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" გასვლაზე 1:1 ითამაშა "ანთალიასფორთან" და მეორე ადგილზე დარჩა. ეს შოთას გუნდის ზედიზედ მესამე ფრე იყო, მანამდე კი ზედიზედ 6 მოგება მიითვალეს. საინტერესოა, რომ "ქასიმფაშამ" ბოლო 18 წუთი 9 კაცით ითამაშა - ერთ წუთში ორი ფეხბურთელი გაუძევეს: რაიან ბაბელი და ილჰან ექერი.
"ემპოლიმ" სერია B-ში გასვლაზე 1:1 ითამაშა "კროტონესთან" და ლიდერად დარჩა. ლევან მჭედლიძე 75-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, ხოლო ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია.
რუსეთში "ლოკომოტივი"-"რუბინი" და "ანჟი"-"ყუბანიც" 0:0 დასრულდა. "რუბინში" საბა კვირკველიამ, ხოლო "ანჟიში" გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს. ყაზანელები მერვე ადგილზე არიან, მახაჩყალური კლუბი კი ბოლო, მე-16 საფეხურზეა და მოგება არ აქვს.
კვიპროსზე შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისმა" შინ ბოლო წუთზე გაუტანა "არისს' და 1:0 იმარჯვა. გრიგალაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, მისი გუნდი კი მესამე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ აელ-ს.
პოლონურ ექსტრაკლასაში "იაგელონიამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "პოგონთან". გიორგი ფოფხაძე შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო ნიკა ძალამიძე, როგორც იცით, ტრავმირებულია და იანვარში დაიწყებს ვარჯიშს. "იაგელონია" მერვე პოზიციაზეა.