ჭიდაობა

16:51 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიურ წარმატებაზე სამინისტროში ისაუბრეს

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების ლატვიური წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეაჯამა. შეგახსენებთ, 22-23 მარტს რიგაში გამართულ ფრეიდენფელდსის მემორიალზე ქართველმა სპორტსმენებმა 16 მედალი მოიპოვეს. ამასთან, ორივე სტილით მოჭიდავეთა გუნდმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

პრესკონფერენციაზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ ისაუბრეს.

“იმ ცვლილებების შემდეგ, რომლებიც ჩვენმა ფედერაციამ განახორციელა, უკვე შედეგების მიღებას ვიწყებთ. ლატვიაში გამართული ტურნირიც სწორედ ამის მანიშნებელი იყო. ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მართლა ბრწყინვალედ იჭიდავეს და მინდა თითოეულ სპორტსმენს და მწვრთნელს უდიდესი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის” - განაცხადა ლუკა კურტანიძემ. იქვე სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარში დგომაც აღნიშნა და დასძინა, რომ ერთობლივი მუშაობა მომავალში კიდევ უფრო დიდ შედეგებს მოიტანს.

ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, ასაკობრივი ნაკრებების მსგავსი მიღწევები ყოველთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ახალი თაობა ეზრდება. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატებები ახალგაზრდა მოჭიდავეებისთვის ევროპირველობის წინ კარგი სტიმული იქნება.

ფრეიდენფელდსის მემორიალი ახალგაზრდა მოჭიდავეების ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის შემადგენელი ერთი ტურნირი იყო. ევროპირველობა კი 17-22 ივნისს პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართება.

ლატვიაში საქარრთველოს ახალგაზრდულმა ნაკრებებმა 8 ოქროს, 1 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალია. შოთა ფარტენაძე (60 კგ), ომარ გურჯიძე (66 კგ) და ნოდარ კურტანიძე (96 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ალექსანდრე კილაძემ (50 კგ), ნუგზარ ბოლქვაძემ (50 კგ), რამაზ დარჩიძემ (55 კგ), ტარზან მაისურაძემ (74 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილმა (84 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ბერძენ-რომაელებმა ლატვია 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით მოიარეს. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გიზო მელაძე (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), გელა ბოლქვაძე (74 კგ), ლაშა გობაძე (84 კგ) და აკაკი კანდელაკი (120 კგ) ავიდნენ. კუკური კირცხალია (96 კგ) ფინალში დამარცხდა. მურად მიქელაძე (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

0.161511