ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორის “დილას” ზედიზედ მესამედ მოუწია იმერეთში სტუმრობა. პირველად შიდაქართლელებმა წარუმატებლად იასპარეზეს “ზესტაფონთან”, შემდეგ იყო ევროპის ლიგის გამო გამოტოვებული შეხვედრა “ტორპედოსთან”, რომელშიც მეტოქეები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ამჯერად, “დილას” ისევ ქუთაისში ჰქონდა დაპირისპირება, ოღონდ საჩხერის “ჩიხურასთან”, რომელიც მოგეხსენებათ, საშინაო მატჩებს “ცენტრალურზე” ატარებს. თავის მხრივ, გასულ ტურში წარუმატებელი მატჩი ჰქონდა “ჩიხურასაც”. გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები, მოულოდნელად, სტუმრად დამარცხდნენ მარტვილის “მერანთან”. ასე რომ, დღევანდელ დუელს ორივე გუნდისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
შეხვედრა მასპინძელთა მცირეოდენი უპირატესობით დაიწყო და საჩხერლებმა დებიუტშივე მოიპოვეს სახიფათო საჯარიმო დარტყმის უფლება. ოდიკაძემ სტანდარტულის ჩაწოდება არჩია. მაღალ ბურთზე ბრძოლაში მეტოქენი ერთურთს ეკვეთნენ, ბურთი კი ამ დროს საჯარიმოს ხაზთან მყოფ ჯიღაურს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ დაარტყა. “დილას” კარის დარაჯს ნუკრი რევიშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და კიპერმა ბურთი მუშტებით მოიგერია.
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და გორელებმაც შეუტიეს მეტოქის კარს. დროის ამ მონაკვეთში ყველაზე გამოსარჩევი მოდებაძის თავური იყო, რაც ბოლქვაძის ჩაწოდებას მოჰყვა, თუმცა მისი ეს მცდელობა არაზუსტი გამოდგა. მე-14 წუთზე კი საკმაოდ რეალური ხიფათი შეიქმნა სტუმართა კართან, როდესაც გაბედავას პასის შემდეგ, ცაციათი ტატანაშვილი ურტყამდა. რევიშვილმა რეაგირება მოსწრო და დარტყმული უკუაგდო. აქ შეუთამაშებლად ითამაშეს მცველებმა და კიდევ იქმნებოდა ხიფათი, მაგრამ რევიშვილმა სიტუაცია დროულად განმუხტა.
ამ მომენტიდან ხუთი წუთის გასვლის შემდეგ გორელები ვეღარც მეკარის დიდებულმა თამაშმა გადაარჩინა. გიორგი დათუნაიშვილის მიერ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ტატანაშვილმა დაარტყა და გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, როდესაც რევიშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კარის ხაზიდან უკუაგდო. გადავარდნილ ბურთზე ისევ ტატანაშვილმა ივარგა და ფორვარდმა დიდებული პასით გორელთა კარის წინ მდგომ ჯიღაურს უპასა. საჩხერელთა ნახევარმცველმა თანაგუნდელის გადაცემას ფეხი დაუხვედრა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.
მასპინძლებს დაწინაურებისთანავე შეეძლოთ მეორე გოლის გატანა, როდესაც ტატანაშვილის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია და ბურთი შემდეგ ძელს მოხვდა. დროის ამ მონაკვეთში აშკარად ჩანდა, რომ შიდაქართლელთა დაცვის შუახაზი ვერ უმკლავდებოდა “ჩიხურას” მძიმე ფორვარდის მცდელობებს.
მატჩი ისევ ზემოიმერელთა უპირატესობით გაგრძელდა. გორელები მეტოქესთან შედარებით მძიმედ მოძრაობდნენ. საჩხერლებმა რამდენჯერმე კიდევ შეაწუხეს რევიშვილი, თუმცა გორელთა მეკარე დამაჯერებლად თამაშობდა და ანგარიშში მინიმალური სხვაობა სწორედ მისი დამსახურება იყო.
ტაიმის მიწურულს “დილას” დამრიგებელმა შეცვლას მიმართა და გაბაშვილის ნაცვლად მოედანზე ხორგუაშვილი შეუშვა, რომელმაც გამოსვლისთანავე სახიფათო განივი გადაცემა გააკეთა, მაგრამ მოდებაძე ბურთს ვერ მიწვდა და ხიფათიც განიმუხტა. მალე ოდიკაძის მიერ შესრულებული საჯარიმო რევიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
პირველი ტაიმიდან გამომდინარე მეორე ნახევარი მოულოდნელად დაიწყო. თამაშის განახლებისთანავე გორელიშვილმა პასი გაუკეთა მოდებაძეს, რომელმაც ნახტომში ბურთი მკერდით მიიღო და შეუჩერებლივ, ცაციათი ზუსტად დაარტყა. “ჩიხურას” კიპერის რევაზ თევდორაძის ნახტომი ამაო გამოდგა, გოლი კი ნამდვილად შესანიშნავი გახლდათ – 1:1.
ასეთ დასაწყისს საჩხერლები არ დაუბნევია. მათ უკვე 51-ე წუთზე შეეძლოთ ისევ დაწინაურება, როდესაც კაშიას ჩაწოდებულზე დეკანოიძეს ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი ადგილიდან ზემოიმერელთა ნახევარმცველის თავური არაზუსტი გამოდგა.
რამდენიმე წუთში გორელებმა განახორციელეს სწრაფი კონტრშეტევა, მაგრამ გორელიშვილმა ვერ იმოქმედა რიგიანად და ხიფათიც განიმუხტა.
სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა მასპინძლების საპასუხო გადასვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე. ამ მომენტამდე ბრწყინვალედ მოთამაშე რევიშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა და ტატანაშვილმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. დიმამ მეტოქისაგან საჩუქარი მიიღო და ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდის უპირატესობა აღადგინა – 2:1.
საჩხერელთა უპირატესობის მოპოვებას შეხვედრაში მცირე “სიმშვიდე” მოჰყვა სახიფათო მომენტების მხრივ.
65-ე წუთზე ალადაშვილმა დაარტყა საჯარიმოდან ძლიერად, მაგრამ თევდორაძემ ნახტომში მოახერხა ბურთის მოგერიება. ცოტა ხანში დეკანოიძე ურტყამდა მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან - არაზუსტად. იგივე შედეგი ჰქონდა ბოლქვაძის მცდელობასაც, როდესაც მას ბურთი მკერდით დაუგდო მოდებაძემ. ასევე გაბედავას შორეული დარტყმაც, რომელსაც ძალა ნაღდად არ აკლდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, სიზუსტე დააკლდა.
წარუმატებელი შორეული დარტყმების შემდეგ სტუმართათვის მეტად უსიამოვნო ამბავი მოხდა. არბიტრმა გაბედავას წაქცევისათვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაისურაძე გააძევა.
კაცნაკლულად დარჩენილი გორელები მცდელობას არ აკლებდნენ, რათა თამაში გადაერჩინათ, მაგრამ მათ შეტევების განხორციელება სულ უფრო და უფრო უჭირდათ.
თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე საჩხერლებს კონტრშეტევების საშუალებაც ეძლეოდათ. კარგი შანსი ჰქონდა მოედანზე ახლადშესულ წინამძღვრიშვილს, რომელიც ხელსაყრელი მდგომარეობიდან ურტყამდა, თუმცა ფორვარდმა მეკარეს ვერ აჯობა.
85-ე წუთზე გათანაბრების დიდებული შანსი მაინც მიეცათ სტუმრებს. მათი მცველის კობახიძის რეიდი მოდებაძის მეკარესთან პირისპირ გაყვანით დასრულდა, გამოცდილმა ფორვარდმა კი “ჩიხურას” კიპერს ვერ აჯობა და ეს შანსიც განიავდა.
გორელები გამოუყენებელი მომენტისათვის მალევე დაისაჯნენ. 86-ე წუთზე გაბედავამ, მოწინააღმდეგის საჯარიმოს მარცხენა ხაზიდან გოლი-შედევრი შემოგვთავაზა. ფორვარდმა რევიშვილის პოზიცია დაინახა, მოჭრილად და ძლიერად დაარტყა და რევიშვილი უშანსოდ დატოვა – 3:1. ამ გოლმა მატჩში ყოველგვარი ინტრიგა მოკლა და ზემოიმერლებმაც შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
“ჩიხურა” – “დილა” 3:1 (1:0)
21 სექტემბერი. 16:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 200 მაყურებელი
“ჩიხურა”: თევდორაძე, ლაშა ჭელიძე (ჩიკვაიძე, 89), ჯიღაური, ოდიკაძე, ტატანაშვილი (წინამძღვრიშვილი, 84), დეკანოიძე (ნიკა კვასხვაძე, 82), ლომაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, კაშია, გაბედავა.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“დილა”: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, გიორგი გურული, კობახიძე, გაბაშვილი (ხორგუაშვილი, 39, გოგინაშვილი, 67), დავით ბოლქვაძე, ღონღაძე (აბურჯანია, 46), მაისურაძე, გორელიშვილი მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გოლები: 1:0 ჯიღაური (19), 1:1 მოდებაძე (46), 2:1 ტატანაშვილი (54), 3:1 გაბედავა (89).
გაფრთხილება: კვახაძე (36), ალადაშვილი (75).
გაძევება: მაისურაძე (77).
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი(თბილისი)
გურია (ლანჩხუთი) - მეტალურგი (რუსთავი) 3:1 (0:0)
გოლები: 0:1 კორღალიძე, 1:1 შენგელია (63) , 2:1 შალამბერიძე (83), 3:1 ჩიკვილაძე (90)
“ზუგდიდი” – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0
“მერანი” (მარტვილი) – “სიონი” (ბოლნისი) 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 კუჭუხიძე (12), 2:0 ფარულავა (34)
“სპარტაკი” (ცხინვალი) – “ზესტაფონი” (ზესტაფონი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კაკაშვილი (90)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 გოგა (73), 0:2 გრიგალაშვილი (90)
სატურნირო მდგომარეობა
1. | დინამო | 6 | 4 | 1 | 1 | 11:4 | 13 | |
2. | ჩიხურა | 6 | 4 | 0 | 2 | 13:8 | 12 | |
3. | მერანი | 6 | 4 | 0 | 2 | 9:7 | 12 | |
4. | ტორპედო | 6 | 3 | 3 | 0 | 6:3 | 12 | |
5. | გურია | 6 | 3 | 0 | 3 | 6:8 | 9 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 6 | 2 | 2 | 2 | 7:5 | 8 | |
7. | დილა | 6 | 2 | 2 | 2 | 7:7 | 8 | |
8. | მეტალურგი | 6 | 2 | 2 | 2 | 6:9 | 8 | |
9. | სიონი | 6 | 2 | 1 | 3 | 7:7 | 7 | |
10. | ზუგდიდი | 6 | 1 | 2 | 3 | 3:9 | 5 | |
11. | ზესტაფონი | 6 | 1 | 1 | 4 | 5:7 | 4 | |
12. | სპარტაკი | 6 | 1 | 0 | 5 | 2:8 | 3 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.