ფეხბურთი

16:11 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლადო დვალიშვილი: "მე არ ვარ ვარსკვლავი და, მით უმეტეს, ვარსკვლავობით დაავადებული"

პოლონური პრესა შიდა ჩემპიონატში ზამთრის ყველაზე ხმაურიან ტრანსფერად ლადო დვალიშვილის "პოლონიადან" "ლეგიაში" გადასვლას მიიჩნევს. საერთოდაც, ლადო საკმაოდ პოპულარულია პოლონეთში და კარგი პრესაც აქვს.
როგორც იცით, დვალიშვილი 13 ნომრით ითამაშებს ვარშავის "ლეგიაში" და როდესაც ჰკითხეს, თარსი ნომერი რატომ აირჩიეო, ასე უპასუხა - "არავითარი თარსი. სულაც არ ვფიქრობ, რომ 13 თარსი რიცხვია. თავისუფალი ნომრები როცა ჩამომითვალეს, ბევრი არ მიფიქრია, 13 ავირჩიე".
"პოლონიას" პრეზიდენტი ირენეუშ კროლი ლადოზე ნაწყენია და ამბობს, რომ "ვარსკვლავები" არ სჭირდება.
"იცით, მე არ ვარ ვარსკვლავი და არც არავისთვის მიმიცია საბაბი, რომ ჩემთვის ვარსკვლავობით დაავადებული ეწოდებინათ. კროლს ერთხელ მართლაც ვუთხარი არასასიამოვნო სიტყვები, რადგან ანერვიულებული ვიყავი. არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ის თავის ბიზნესზე. ადამიანურად ვიქცეოდი და ვთხოვდი, რომ გუნდიდან გავეშვი. კროლზე ნაწყენი არ ვარ, პირიქით, მადლობასაც ვეტყვი".
ლადოს ჰკითხეს, როგორ შეხვედრას ელის "პოლონიას" ფანებთან, როცა "ლეგია" ამ გუნდს შეხვდება.
"დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ გამიგო. მათ წარმატება მისურვეს. თუმცა, იქნებიან ისეთებიც, რომლებსაც ჩემი წარმატება არ გაუხარდებათ. მათიც მესმის, გაბრაზებულები არიან ჩემი წასვლის გამო".
პოლონეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ, "ლეგია" ლიდერია და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს.


 

თეგებიდვალიშვილი
0.11881