მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, “სანტიაგუ ბერნაბეუზე” “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი შეაფასა.
შეგახსენებთ, მადრიდულ შეხვედრაში ანგარიში მანჩესტერელებმა გახსნეს, რაზეც მასპინძლებმა 10 წუთში რონალდუს თავურით უპასუხეს. მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა და არაერთი შანსისა, გოლი აღარ გასულა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ამასთან, Marca-სთან საუბარში 28 წლის შემტევმა ის მიზეზებიც ახსნა, თუ რატომ არ იზეიმა სათანადოდ მანჩესტერელთა კარში გატანილი გოლი.
“ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი კვლავაც გვაქვს. ამისათვის მხოლოდ ისაა აუცილებელი, რომ მანჩესტერში გავიტანოთ. შედეგი როგორიც არ უნდა ყოფილიყო, მანჩესტერში განმეორებით მატჩშიც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებდით. შევეჩვიეთ ინიციატივის ფლობას და ამ ტაქტიკისგან გადახვევას არ ვაპირებთ.
ბავშვი ვიყავი, როდესაც “მანჩესტერში” მოვხვდი და იქ 6 წელიწადი გავატარე. ყველამ კარგად იცის, როგორი სიყვარული მაკავშირებს ამ კლუბთან და იმ ადამიანებთან, ვინც იქ მუშაობს. ბუნებრივია, რომ მათ კარში გატანილი გოლი არ ვიზეიმე, რადგან “მანჩესტერს” ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამდენს სწორედ ამ გუნდის დამსახურებით მივაღწიე” - განაცხადა რონალდუმ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რონალდუ მატჩის დასრულებისთანავე ინგლისელთა გასახდელში შევიდა:
“მე და კრიშტიანუმ ერთმანეთს უკვე ვუთხარით რამდენიმე სიტყვა, ახლა კი, ის ჩვენს გასახდელში ზის და ბიჭებს ესაუბრება. ამაყი ვარ იმით, თუ როგორ ფეხბურთელად გაიზარდა რონალდუ. უბრალოდ ფენომენალურია. დღეს, უწინარესად, მის მიერ გოლის გატანაში პატრის ევრა დავადანაშაულე, რადგან მეგონა, რომ მან მეტოქეს დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა, მაგრამ როდესაც ეპიზოდი განმეორებით ვნახე, დავრწმუნდი, ეს შეუძლებელი იყო. ნახტომი იმდენად კარგი იყო, რომ ევრას თავი კრიშტიანუს მუხლებთან იყო”.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩი “მანჩესტერსა” და “რეალს” შორის 5 მარტს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება”.