ლაშკოში მყოფი საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან თამაშისათვის ემზადება, რომელიც 7 სექტემბერს გვიან საღამოს ცელიეში გაიმართება. დღეს ჩვენმა ნაკრებმა „ცელიე-არენაზე“ვარჯიში ჩაატარა. ნაკრების წევრებს ძალიან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ მატჩს. ჩვენ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტს კოტე ტუღუშს გავესაუბრეთ.
- რა განწყობაა გუნდში ხორვატიასთან ბოლო წამებზე წაგებული მატჩის შემდეგ?
- მიუხედავად წაგებისა, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლას ვაგრძელებთ. ხორვატიასთან ჩვენმა ნაკრებმა არა მარტო საინტერესო და ლამაზი თამაში აჩვენა, არამედ მთელი თამაშის მიმდინარეობისას გამოავლინა მტკიცე ნებისყოფა და ბრძოლისუნარიანობა. მიუხედავად წაგებისა, გუნდში საბრძოლო განწყობაა. სლოვენიასთან საქართველოს ნაკრები განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს. გვესმის, რომ სლოვენია ესპანეთთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ კარგ ხასიათზეა. ჩვენ ვეცდებით სლოვენიასთან სხვა ტაქტიკით ვითამაშოთ და რამდენიმე სიურპრიზი შევთავაზოთ. სლოვენიის მხარესაა აგრეთვე მაყურებელთა მხარდაჭერის ფაქტორი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და ბიჭების სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ძალიან აქტიურად და ლამაზად გვიჭერდნენ მხარს ტრიბუნებიდან პოლონეთთან და ხორვატიასთან გამართული მატჩების დროს. იმედია,სლოვენიასთან, ჩეხეთთან და ესპანეთთან შეხვედრების დროსაც საქართველოს ნაკრების ქომაგები ხმაურიანი შეძახილებით, სიმღერით და ოვაციებით გუნდს გაამხნევენ.
- ხორვატიასთან მატჩის დროს მეტოქემ უფრო მეტი კალათბურთელი დატვირთა. ჩვენ ნაკრებში კი ძირითადი დატვირთვა 6-7 კალათბურთელზე მოდიოდა, მათი გადაღლა ხომ არ იყო წაგების ერთ-ერთი მიზეზი?
- გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ვინც მოედანზე იყო, ყველამ ბოლომდე იბრძოლა. იღბალიც დაგვაკლდა და ძირითად მოთამაშეთა გადაღლილობაც თავისი როლი ითამაშა. სლოვენიასთან ცოტა განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ.ამის მეტს ამჯერად ვერ ვიტყვი,მაგრამ ქომაგებს ვპირდებით,რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
- თქვენი აზრით, ჩვენ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს?
- მიუხედავად სლოვენიასთან წაგებისა, ჯგუფის ფავორიტად ესპანეთის ნაკრები ითვლება. ჯგუფიდან გასვლისათვის იბრძოლებენ სლოვენია, ხორვატია, საქართველო და ჩეხეთი; პოლონეთის ნაკრებს ორი წაგების შემდეგ მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა. ჩვენ ძლიერ ჯგუფში მთავარი ბრძოლა წინაა. საქართველოს ნაკრები ძალიან მონდომებულია და ყველაფერს გააკეთებს, რათა წარმატებით იასპარეზოს და პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადალახოს. ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ საამისო შანსი და პოტენციალი ჩვენ ნაკრებს ნამდვილად გააჩნია.
თენგიზ პაჭკორია, ლაშკოდან. სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma