დასრულდა კალათბურთში ევრო 2015-ის ფინალური ეტაპის შესარჩევი ტურნირის მორიგი შეხვედრა E ჯგუფში, სადაც საქართველომ ერთ-ერთი საგზურის უშუალო კონკურენტ უნგრეთს უმასპინძლა. ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, მასპინძლებს მოგება და თანაც დიდი ანგარიშით ჭირდებოდათ. ქართველებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება. განსაკუთრებით თორნიკე შენგელია და გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია აქტიურობდნენ. მთელი შეხვედრის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ლიდერობდა, რომელმაც მეტოქე დიდი ანგარიშით 79:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელ ერთ-ერთ საგზურს საგრძნობლად მიუახლოვდა. ამ შეხვედრის დასრულებამდე ტრავმა მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიამ, რომელიც მორიგი ბურთის ჩაგდებისას პარკეტზე ცუდად დაეშვა და ფეხი იტკინა. თანაგუნდელებმა მოედნიდან იგი ხელით გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. ამ შეხვედრაში შენგელიამ ყველაზე მეტი, 26 ქულა დააგროვა, ხოლო ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ძალიან კარგად გაისარჯა ახალგაზრდა მსროლელი დუდა სანაძე, რომელმაც 5 მცდელობიდან 4 სამქულიანი გამოიყენა, რომელიც გუნდისთვის საჭირო მომენტებში ჩააგდო. სტუმართა შორის ყველაზე მეტი, 14 ქულა კრისტიან ვიტმანმა მიითვალა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა საქართველოში დამკვიდრებულ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. კოკოშკოვის მოვალეობას მისი თანაშემწე კოტე ტუღუში ასრულებდა, რომელმაც მასმედიის კითხვებს უპასუხა: „ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საგზურის მოსაპოვებლად დასახული გვქონდა მინიმუმ 10, მაქსიმუმ 20 ქულით მოგება. საბედნიეროდ, პროგრამა მაქსიმუმი შევასრულეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით ევრო 2015-ის ერთ-ერთი საგზურის მოსაპოვებლად. რომელიმე მოთამაშის გამორჩევისაგან თავს შევიკავებდი. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა...“
ზაზა ფაჩულია (საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, კაპიტანი): „ამ შეხვედრას ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მის შედეგს ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლო. არ აქვს მნიშვნელობა მოედანზე მყოფი მოთამაშეებიდან ვინ რამდენ ქულას დააგროვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრაში მოედანზე მყოფმა მოთამაშეებმა, ყველამ დიდი წვლილი შეიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ნაკრებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ჩაატარა. მადლობა უნგრეთს, რომელსად ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და ორი მატჩის ჯამში ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია. იმედია ამ მოგებით და მომდევნო ტურში პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში ევრო 2015-ის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საგზურის მოპოვება არ გაგვიჭირდება...“
სტოიან ივკოვიჩი (უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საკალათბურთო დარბაზში კარგი სათამაშო ატმოსფერო იყო. ბრძოლა აშკარად უთანასწორო გამოვიდა, რადგან თქვენ ბევრად უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები გყავთ. ჩვენთვის მოულოდნელი იყო თქვენი გუნდის სათადარიგოების კარგი თამაში. განსაკუთრებით დიდი იყო თქვენი უპირატესობა ფარქვეშ. მართალია საკუთარ მოედანზე გამარჯვების შემდეგ თბილისში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ ამჯერად მატჩის ბედი თქვენი გულშემატკივრების მხარდაჭერამ და მოთამაშეთა მაღალმა კლასმა გადაწყვიტა...“
ანდრას რუჟაკი (უნგრეთის ნაკრების წევრი): „ჩვენი გუნდი ამხელა აუდიტორიის წინაშე პირველად თამაშობდა, რომელმაც ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. ვეცადეთ მეტოქისთვის სწრაფი თამაში თავს მოგვეხვია. ანგარიშში თავიდანვე დიდი სხვაობით ჩამოვრჩით და მატჩის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება ვეღარ მოვახერხეთ...“
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლო მე-6 შეხვედრას 27 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.