კალათბურთი

1:16 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოტე ტუღუში: “12-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთის ტურნირის შემდეგ გამოცხადდება”

რიკი ჰიკმანი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩებში ითამაშებს

ისრაელის დამარცხების შემდეგ იტალიაში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთ ასისტენტ კოტე ტუღუშს, რომელმაც მატჩიც შესახებ მოგვითხრო და სამწვრთნელო შტაბის შეხედულებები გაგვაცნო.

“რიკი ჰიკმანი არც ამჯერად ვათამაშეთ. სამწვრთნელო შტაბის სურვილია, ამერიკელი ლეგიონერი ბოლომდე შეერწყას გუნდს, ყველა კომბინაცია კარგად გაითავისოს, ნაკრებში თავისი როლი ზუსტად დაინახოს და შემდეგ გავიდეს მოედანზე. რაც შეეხება ლიუკ ზელერის არყოფნას, ეს მხოლოდ და მხოლოდ როტაციიდან გამომდინარეა. შემადგენლობა ყველა მატჩში იცვლება და მაქსიმალურად ვცდილობთ, თავის გამოჩენის საშუალება ყველა მოთამაშეს მიეცეს.

ამჯერად, სასტარტო ხუთეულში ლევან ფაცაცია იყო, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. მიმდინარეობს მოთამაშეებზე დაკვირვების პროცესი და მწვრთნელებს უკვე საკმაოდ რეალური სურათი აქვთ თითოეული კალათბურთელის შესაძლებლობის შესახებ. წინა მატჩებისგან განსხვავებით, შედეგზეც ვიზრუნეთ, რამაც ჩვენი წამყვანი მოთამაშეების მოედანზე ხანგრძლივად დარჩენა განაპირობა. შეამჩნევდით, რომ საკმაოდ ბევრი ითამაშეს მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი შერმადინმა, გიორგი ცინცაძემ და ვიქტორ სანიკიძემ. ამან შედეგი გამოიღო და ისრაელის სახით, საკმაოდ ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ.

გამარჯვება დაცვითი თამაშის დამსახურებაა. ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობა გვქონდა ფარქვეშ, სამწამიან ზონაში, სადაც გიორგი შერმადინმა ისრაელის ნაკრები, რომ იტყვიან, დაჩაგრა. ებრაელებს გამოკვეთილი ცენტრი არ ჰყავთ და გიორგის გამჩერებელი ვერ მონახეს. ამასთან, ბიჭებმა შესანიშნავად ისროლეს პერიმეტრიდან, ყველა სამქულიანი უმნიშვნელოვანესი იყო. აღნიშნულს ისიც დაუმატეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა შეხვედრებთან შედარებით დაცვაში კარგად ითამაშა და  ნათელი გახდება, თუ რატომ გავიმარჯვეთ.

ბოლო წუთი საკმაოდ დრამატული გამოდგა და ძალიან გაგვეხარდა, რომ კარგად ჩატარებული მატჩი ლამაზი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ. უმეტესად ჩვენ ვიგებდით, თუმცა ისრაელი ხანდახან მცირედით გაგვასწრებდა ხოლმე.

ყველაზე დიდი სხვაობით ებრაელები ბოლო წუთზე დაწინაურდნენ, როცა ლიორ ელიაჰუმ 77:72 დააფიქსირა. პრესინგისთვის არ მიგვიმართავს. მარკოიშვილმა სწრაფი ორქულიანი ჩააგდო, უფრო სწორად, ჩატენა, შემდეგ დაცვაში ბურთი ავიღეთ და კომპინაციით ვიქტორ სანიკიძე დავტოვეთ სამქულიანის სასროლად, რომელმაც საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა.

მეტოქემ თითქმის ბოლომდე გაიყვანა შეტევისთვის განკუთვნილი დრო, მაგრამ დაცვაში ისევ იყოჩაღეს ბიჭებმა და ბურთი მოვიპოვეთ. შეტევისთვის 5 წამი გვქონდა. ებრაელებმა აქცენტი მარკოიშვილის აყვანაზე გადაიტანეს, ჩვენ კი ისევ სანიკიძეს ვენდეთ, რომელმაც ბურთი მიიღო და შედეგიანი გარღვევით, მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე, გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

რიკი ჰიკმანი მომდევნო მატჩში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ითამაშებს. სლოვენიაში იმ 15 კალათბურთელით მივდივართ, რომლებიც იტალიაში იყვნენ. თბილისში ჩამოსვლამდე ამ შემადგენლობით ვიქნებით შეკრებაზე. საბოლოო შემადგენლობა კი საფრანგეთის ტურნირის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას გამოცხადდება.

www.gbf.ge 

საქართველოს ეროვნული ნაკრების დარჩენილი მოსამზადებელი გეგმა

10-13 აგვისტო: მოსამზადებელი შეკრება პოდჩეტრტეკში, სლოვენია

13 აგვისტო: ამხანაგური მატჩი საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა, ცელიე, სლოვენია

14 აგვისტო; ამხანაგური მატჩი საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა, იესენიცე, სლოვენია

16-17 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი ანტიბში, საფრანგეთი. მონაწილეობენ: საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი

18-24 აგვისტო: მოსამზადებელი შეკრება თბილისში

25-28 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თელ-ავივში, ისრაელი. მონაწილეობენ: საქართველო, ისრაელი, ლატვია, მეოთხე გუნდი ჯერ უცნობია

1 სექტემბერი: ამხანაგური მატჩი ლიტვა – საქართველო, კაუნასი, ლიტვა

2 სექტემბერი: გამგზავრება სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე

0.117871