,,მანჩესტერ სიტის’’ ბელგიელი მცველი ვინსენტ კომპანი, ტრავმირებულთა სიას მალე გამოაკლდება. მოსკოვის ცსკა-თან გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ, ამ და სხვა თემებზე ისაუბრა:
,,კომპანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, კაპიტნის არყოფნა დიდი დანაკლისია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მან სრულად ვერ მოიშუშა ტრავმა და ვერ შეძლო მოედანზე გასვლა, თუმცა მწყობრში მალე ჩადგება. დიდი შანსია, ,,სტემფორდ ბრიჯზე’’ “ჩელსისთან” კვირას გასამართ შეხვედრაში მოედანზე ვიხილოთ. სასიხარულოა მოპოვებული გამარჯვება, ჩვენ მის გარეშეც შევძელით სასურველი შედეგის ჩვენება’’, _ განაცხადა პელეგრინიმ.
ჩილელი სპეციალისტი ასევე შეეხო მოსკოვში გამართულ შეხვედრას: “რთულ შეხვედრაში მოვახერხეთ გამარჯვება, მინდა გამოვყო კუნ აგუეროს თამაში - მისმა დუბლმა გამარჯვება მოგვიტანა. ვფიქრობ, არგენტინელი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა. რაც შეეხება კოლო ტურეს მიმართ განხორციელებულ რასისტულ საქციელს, ვგმობ გულშემატკივართა ქმედებას, ,,უეფას’’ სიმკაცრისა და გონიერების გამოჩენა მართებს’’.
დიმიტრი შარიქაძე