ფეხბურთი

20:41 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობა შალამბერიძე: "ყველაზე კარგი საფეხბურთო აურა ლანჩხუთში ვიგრძენი"

 

ლანჩხუთის "გურია" 30 ივნისს შეიკრიბება და გრიგოლეთში მოემზადება. ჯერჯერობით, გუნდიდან სამი ფეხბურთელია წასული: მიხეილ კაკალაძე, ალეკო გოგობერიშვილი და დავით მაისაშვილი. როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, სავარაუდოდ, "გურიაში" ითამაშებს გამოცდილი ალექსანდრე კოშკაძე.

27 წლის წინ, "გურიამ" ფურორი მოახდინა და საბჭოეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. რა თქმა უნდა, წლევანდელი მიღწევა მაშინდელს ვერ შეედრება, მაგრამ რაიონში დიდი გამოცოცხლებაა: გუნდი მონატრებულ უმაღლესს დაუბრუნდა და იმედი აქვთ, რომ კლუბს ლიგაში დარჩენა არ გაუჭირდება.

"მსოფლიო სპორტი" "გურიას" ფლანგელ ნახევარმცველ კობა შალამბერიძეს ესაუბრა. შალამბერიძემ სეზონის მეორე წრე გაატარა "გურიაში" და კარგადაც გამოიყურებოდა, მანამდე კი პოლონურ "ფლოტაში" გახლდათ:

- ლანჩხუთიდან ემოციურ ფონზე გამოგვიშვეს. ყველა ზეიმობდა, 11 წლის შემდეგ დაბრუნდა გუნდი უმაღლესში. როგორც გვითხრეს, "გურია" მხოლოდ ადგილის შესანარჩუნებლად არ იბრძოლებსო. მეც იმედი მაქვს.

- გასულ სეზონში პირადად თქვენი თამაშით კმაყოფილი ხართ?

- უფრო გუნდის თამაშით ვარ კმაყოფილი, ვიდრე ჩემით. გოლები უნდა გამეტანა. საერთოდ, საკუთარ თავს ყოველთვის მეტს ვთხოვ. ეგაა, "გურიაში" ზედ სეზონის განახლების წინ მივედი და ამან იქონია გავლენა. გულდასაწყვეტი იყო თასიდან გავარდნა, არადა, თბილისის "დინამოსთან" სენსაცია ახლოს იყო. მანამდე კი, როგორც იცით, "ზესტაფონი" გამოვთიშეთ. ალბათ, სწორედ "დინამოსთან" თბილისში ჩავატარე სეზონის საუკეთესო თამაში.

- ზამთარში ბათუმის "დინამოში" ემზადებოდით და "გურიაში" როგორ აღმოჩნდით?

- ბათუმში 15 დღე ვემზადებოდი. გადაწყვეტილი იყო ჩემი გუნდში დარჩენა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცოდი. ერთ დღეს მწვრთნელმა გია გურულმა დამიბარა, მივედი და მეუბნება - ერთად ვერ ვითანამშრომლებთო. რა უნდა მეთქვა, წამოვედი. არადა, ორ კვირაში სეზონი უნდა განახლებულიყო.

- გურულზე ნაწყენი ხართ?

- ამას არც ვმალავ. ეს კაცი ჩემთან მიმართებაში ცუდად მოიქცა.

- რას იტყვით "გურიაზე", იქაურ საფეხბურთო გარემოზე?

- სადაც კი მითამაშია, ლანჩხუთზე კარგი საფეხბურთო აურა არსად მიგრძვნია. პოლონეთშიც კარგი იყო, მაგრამ იქ ყველა სტადიონზე იგრძნობა და არ გიკვირს. სწორედ ამ აურის გამო არის, რომ მიუხედავად რამდენიმე წინადადებისა, "გურიაში" დარჩენისკენ ვიხრები.    

- საიდან გაქვთ წინადადება?

- პოლონეტის ორი კლუბია: ერთი პირველი ლიგის "გკს ტიხი" და მეორეა უმაღლესის "პიასტი", სადაც ჩემი ყოფილი მწვრთნელი მუშაობს და კარგად მიცნობს. თუმცა, "პიასტში" გასინჯვა შემომთავაზეს და გული არ მიმიწევს. კიდევ, აზერბაიჯანის ქვედა ექვსეულის ერთ-ერთი გუნდის ვარიანტი მაქვს.

- საქართველოს კლუბებიდან?

- არ მაქვს. მგონი, პირველი შემთხვევაა, რომ შესვენებისას არავინ შემხმიანებია. მესმის, ისეთი გასაჭირი აქვთ გუნდებს...

- ისე, რატომ უჭირავთ ქართველ ფეხბურთელებს თვალი სულ უცხოეთზე, თუნდაც სუსტ ჩემპიონატში გადასვლაზე? მხოლოდ ფული?

- არაა მხოლოდ ფული. მაგალითს მოვიყვან: "ოდრაში" რომ ვიყავი, კლუბი კოტრდებოდა, მაგრამ ვარჯიშზე რომ მიდიოდი, საფეხბურთო ატმოსფერო გხვდებოდა. ვარჯიში გიხაროდა. იქ რანგით მეორე ლიგაშიც კი ისეთი პირობებია, მხოლოდ თბილისის "დინამო" აჯობებს. და კიდევ, 2-3 ქართული კლუბი შეიძლება შეედაროს. პოლონეთში თუ გუნდმა ლიცენზია ვერ გაიარა, ლიგიდან აქვეითებენ. ასე მოხდა ბოლოს "პოლონიას" შემთხვევაში. ვფიქრობ, საქართველოშიც სიმკაცრე უნდა იყოს.          

- ზამთარში პოლონეთის "ფლოტადან" რატომ წამოხვედით?

- თამაში არ მიწევდა. დირექტორი ყველანაირად ხელს მიშლიდა. ოჯახი ვერ ჩამაყვანინა, შემდეგ თქვა, ინდივიდუალისტი ფეხბურთელები არ მომწონსო.

- ეს მწვრთნელის პრეროგატივა არაა? პოლონეთშიც დირექტორები ერევიან შემადგენლობის შერჩევისას?

- მწვრთნელსაც ვაბრალებ. მეუბნებოდა, მინდა გათამაშო, მაგრამ დირექტორი უარზეაო.

- საუკეთესო პერიოდი რომელ კლუბში გქონდათ?

- ალბათ, "ამერსა" და "ოდრაში", როცა ეს გუნდი უმაღლესში თამაშობდა. იმედია, "გურიაში" მექნება გამორჩეული სეზონი. ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12732