ქართული ფეხბურთის პრობლემებზე სამსჯელოდ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უამღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების ხელმძღვანელები და ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირები “მიხეილ მესხის” საკონფერენციო დარბაზში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
შეხვედრას, ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, გენმდივანი რეზო არველაძე, ვიცეპრეზიდენტები – ალექსანდრე ჩივაძე, გია ფირცხალავა და მურთაზ ხურცილავა ესწრებოდნენ. უმაღლესი ლიგის კლუბების მესვეურებიდან “მიხეილ მესხზე” ქუთაისის “ტორპედოს” პირველი პირების გარდა, ყველა წარმოდგენილი იყო.
საბოლოოდ, კლუბების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან სპორტის სამინისტრო მათ საკითხს ვერ აგვარებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის წერილით მიმართონ, რათა მათ შეხვდეს და თავისი პრობლემები უშუალოდ გააცნონ.
დიმიტრი სანაკოევი (ცხინვალის “სპარტაკის” პრეზიდენტი): “ქართულ ფეხბურთს ძალიან უჭირს. ფედერაციის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საკითხი გავიარეთ. უნდა შეიქმნას ფეხბურთის განვითარების პროგრამა სპორტის სამინისტროსთან ერთად. მეორე საკითხი იყო თუ როგორ ჩავამთავროთ ჩემპიონატი. სპორტის მინისტრთან შესახვედრად ვემზადებით. ეს საკითხი უნდა გავიაროთ მინისტრთან ერთად და მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ”.
რომან ფიფია (თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი): “დრო მოვიდა ამ კინკლაობას ბოლო მოეღოს. ამ კვირაში, პარასკევს, სპორტის მინისტრს შევხდებით. უნდა გადაწყდეს ქართული ფეხბურთი გადარჩება თუ ჭაობში დარჩება. საგანგაშო მდგომარეობაა. ჩემთვის სამინისტროს პოზიცია გაუგებარია. ამ კვირაში უნდა გადაწყდეს ქართული ფეხბურთისთვის ვინ რისი გამკეთებელია. ჩვენ, კერძო მესაკუთრეებს სურვილი გვაქვს, რომ მუნიციპალურ კლუბებს გვერდით დავუდგეთ. მე ვამბობ, რომ ყველა კლუბი სახელმწიფოსგან თანაბრად უნდა დაფინანსდეს. ეს კრიზისი თავის დროზე, გორის “დილასთვის” იმ 2 მილიონი ლარის მიცემამ გამოიწვია. დღეს, ვალდებულია მან ვინც ეს თანხა გასცა, სხვა გუნდებსაც დაეხმაროს. მინიმალური ყოველწიური დაფინანსება მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, 2 მილიონი ლარი უნდა იყოს. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ახალი წლიდან კლუბების დაფინანსება დაიწყებოდა. ქართული ფეხბურთი ძალიან ცუდ სიტუაციაშია. შესაძლოა, კლუბების 70 პროცენტმა თამაში ვერ გააგრძელოს. მარტო “დინამო” რას გააკეთებს, თუ არ იქნება “სიონი”, “ზუგდიდი”, “ტორპედო”.
ფრიდონ ინჯია (მარტვილის “მერანის” პრეზიდენტი): “ჩვენ შევთანხმდით, რომ პარასკევს სამ საათზე სპორტის მინისტრს შევხდებით, რათა ეს საკითხები განვიხილოთ. რა იქნება წინასწარ ვერ გეტყვით. სამინისტრო დაგვპირდა, რომ ყველა გუნდი თანაბრად დაფინანსდებოდა. საქართველოში სულ 36000 სპორტსმენია დარეგისტირებული და აქედან 16000 ფეხბურთელია. შესაბამისად, სპორტის სამინისტრომ ფინანსების ნახევარი მაინც ფეხბურთს უნდა მოახმაროს. უნდა შეიქმნას განვითარების სამწლიანი პროგრამა. ახლა ასეთი ვითარებაა, რომ მუნიციპალურ გუნდებისთვის ზოგი საკრებულოს მიერ 650000 ლარია გამოყოფილი, ზოგისთვის – 850000. როდესაც სექტემბერში საქართველოს ბიუჯეტის პროექტი შედგა, სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანსაც შევხდით და პარლამენტში სპორტის კომიტეტის თავჯდომარეს ლერი ხაბელოვსაც. დაგვპირდნენ, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა, მაგრამ ჯერ არ ჩანს. თუ სამინისტრო და ფედერაცია ერთ აზრზე არ იქნება, ქართული ფეხბურთი დაინგრევა. თუ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება, ქართული ფეხბურთი დაინგრევა”.
ლადო ბურდული (ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი): “ყველა გუნდში რთული სიტუაციაა. მინდა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ავუხსნა რატომ ვიკრიბებით. ჩვენ თხოვნა გვაქვს და არა ულტიმატუმი თუ რატომ არის აუცილებელი დაფინანსება, რომ ქართული ფეხბურთი გადარჩეს. ერთი წლის განმავლობაში “სიონს” ბიუჯეტი 2 მილიონი ლარი ჰქონდა. სხვა მინიციპალიტეტების გუნდებს ზოგს ამაზე მეტი ჰქონდა, ზოგს – ნაკლები. ბოლნისი საფეხბურთო ქალაქია და ამიტომ ჩაიდო 2 მილიონი ლარი. თავადაც ხედავთ გუნდმა რა შედეგი აჩვენა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ულტიმატუმი კი არა, არამედ თხოვნაა. გაიჟღერა სიტყვებმა, რომ ყველაზე მეტს ის ყვირის, ვინც ყველაზე მეტი მიიღოო. მე მხოლოდ მწვრთნელი არ ვარ, საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და მინდა ყველა გუნდს ერთნაირი დაფინანსება ჰქონდეს. დღესდღეობით, ორი გუნდია ვისაც კარგი პირობები აქვს _”დინამო” და “ჩიხურა”. ორგუნდიან ჩემპიონატს ხომ არ ჩავატარებთ? გუნდები რომ არ გაჩერდნენ თანაბრად უნდა გამოიყოს ყველასთვის მინიმალური დაფინანსება, რათა ფეხბურთელებმა ნორმალურად ივარჯიშონ და იკვებონ. თუ მივაღწევთ იმას, რომ მინიმალური თანხა მილიონი ლარი იქნება, უნდა ჩამოიწეროს ეს ფული რაში დაიხარჯება – მგზავრობაზე, კვებაზე. ამ მილიონი ლარის გარდა, რასაც კერძო პირები ჩადებენ ან მუნიციპალიტეტი, ის თანხა ხელფასებზე წავა. ეს თანხა როგორ იხარჯება უნდა გაკონტროლდეს. მე შემიძლია ბოლნისის მუნიციპალიტეტს ჩამოვუწერო თუ რაში დავხარჯავ ამ ფულს. ყველა კლუბისთვის თანაბარი დაფინანსება რომ იქნება, საქართველოს ჩემპიონატი არ ჩაიშლება. სამწლიანი პროგრამაა საჭირო. დიდი დრო ნამდვილად არაა აუცილებელი და 3-4 დღეში დაითვლება გუნდებს რა ჭირდება”.
დომენტი სიჭინავა: “ჩვენი შეხვედრა სპორტის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია, რომ ფედერაცია ხელს ჩვენსკენ იშვერს და კლუბებს სამინისტროსკენ უშვებსო. ჩვენ არანაირ საბოტაჟზე არ მივდივართ და არავის არსად არ ვუშევბთ. 22 დეკემბერს, კლუბებმა მე და გენერალური მდივანი დაგვპატიჟეს შეხვედრაზე. როდესაც ვკითხე რა საკითხზე ხვდებოდნენ, მითხრეს, რომ სპორტის სამინისტროში წარსადგენად წერილს ამზადებდნენ. გორის “დილამ” რომ 2 მილიონი ლარი მიიღო, სხვა კლუბებში წავიდა ტენდენცია, რომ გზებს გადავკეტავთ თუ ფულს ჩვენც არ მოგვცემენო. საბოტაჟი არ იქნება. მე ვუთხარი კლუბების წარმომადგენლებს, რომ თუ რაიმეს დაწერას აპირებთ მიმართეთ-მეთქი. კლუბებმა გლობალური მოთხოვნა უნდა ჩამოაყალიბონ და არა ის, რომ მილიონი მოგევცით ჩემპიონატის ჩასატარებლადო. საუბარი უნდა იყოს სამწლიან პროექტზე. სახელმწიფომ გარკვეული ფული უნდა ჩადოს და კლუბს განვითარებაში დაეხმაროს, რათა 3 წლის შემდეგ, ყველა კლუბი კერძო გახდეს. ინვესტორი, რომელიც ხედავს, რომ სახელმწიფო ყოველ წელს მილიონს ან მილიონნახევარს ხარჯავს, ფულის დახარჯვის სურვილი თავადაც გაუჩნდება. უნდა ჩამოვაყალიბოთ სტაფი ეს თანხები როგორ განაწილდეს. თანხები 12 თვეზე უნდა იყოს გაწერილი.
მინისტრმა განაცხადა, რომ კლუბები 2015 წელს დაფინანსდებიანო. ერთი-ერთი კლუბის წარმოამდგენელმა განაცხადა, მაშინ სიჭინავას გადაყენების საკითხი დავაყენოთო. მე 2014 წელი უნდა ჩავამთავრო. ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემები იყო და მანამდე იქნება, ვიდრე ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები არ ექნება. “დინამო” და “ზესტაფონი” რომ ამბობენ ჩვენს მიერ გადახდილი ფულით “ზუგდიდი” და “სიონი” რატომ უნდა ფინანსდებოდნენო? თავის მხრივ მართლები არიან. სულ არის საუბარი სპორტის სამინისტროს მიერ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების პრობლემაზე. თუ სამინისტრო 100 ლარს მოგვცემს მადლობას ვეტყვით. თუ 100 მილიონ ლარს მოგვცემს ამ შეთმთხვევაშიც მადლობას ვეტყვით. თუ 0 ლარს მოგვცემს მაშინაც მადლობას ვეტყვით. 100 პროცენტით ფინანსურად სამინისტროზე მიბმულები არ ვართ”.