ჩოგბურთი

10:33 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კირგიოსი მეოთხედფინალშია, ნადალი - კმაყოფილი

 მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი, უიმბლდონზე მეორე ნომრად განთესილი რაფა ნადალი მერვედფინალში 19 წლის ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან 6:7 (5:7), 7:5, 6:7 (5:7), 3:6 დამარცხდა. კლასიფიკაციის 144-ე ადგილზე მყოფმა კანბერელმა თინეიჯერმა ბრეიკი და 37 ეისი შეასრულა. მატჩი 3 საათს გაგრძელდა. მეოთხედფინალში კირგიოსი კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება.  

“ჩემი აზრით, ბრწყინვალედ ვითამაშე. მართალია, თავდაპირველად ბურთის მიღებისას სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდი, მაგრამ თანდათან მოვუმატე, თავად კი მეტად კარგად ვაწოდებდი. მატჩის წინ მოგების რწმენა მქონდა და ასპარეზობისას დავამტკიცე, ეს განწყობა უსაფუძვლო რომ არ ყოფილა. ბალახისსაფარიან კორტზე კარგად თამაში გამომდის, დღეს კი კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე”, - კირგიოსი ბედნიერებისგან ემოციას ვერ მალავდა.

“წლევანდელ უიმბლდონზე გამოსვლით კმაყოფილი ვარ. აქ კორტის საფარი სახიფათოა, ჩემი საასპარეზო ბადე კი მეტად რთული გამოდგა. შედარებით იოლი მოწინააღმდეგე არ შემხვედრია. ჩემი დღევანდელი ოპონენტი მძლავრად აწოდებდა და უკანა ხაზზე მაღალ დონეზე თამაშობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში კირგიოსის მოწოდების “წაკითხვას” ვერ ვახერხებდი. რამდენიმე კვირაში მზადებას განვაახლებ, მანამდე კი ახლობლებთან ერთად მალიორკაზე დავისვენებ.

კირგიოსს რაც შეეხება, მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რის გამოც დიდი ჩოგბურთელი დადგება. ახლა მთავარია მან პროგრესი განაგრძოს. ნიკს სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ”, - ეს მონოლოგი კი რაფა ნადალს ეკუთვნის.

0.123355