კარს მოგვადგა კალათბურთში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 11 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჩატარდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რადგან მოქმედმა პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ახალი პრეზიდენტის პოსტზე ოთხი ვეტერანი კალათბურთელი, მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე და კახაბერ შენგელია აცხადებს პრეტენზიას.
გთავაზობთ ინტერვიუს კახა შენგელიასთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობა?
- ბავშვობიდან კალათბურთში ვარ და შეიძლება ითქვას, რომ იგი ჩემი ცხოვრებაა. მთელი ოჯახი კალათბურთით ვცხოვრობთ. ვაჟი (თორნიკე შენგელია) ნბა-ში თამაშობს, ხოლო მეუღლე და ქალიშვილი სუპერლიგის მსაჯ-მდივნები არიან.
- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ?
- დავიბადე 1971 წლის 23 იანვარს ქალაქ სამტრედიაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ვთამაშობდი თბილისის “დინამოში”. ვიყავი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში მაქვს ნათამაშები. საქართველოს გარდა ნათამაშები მაქვს რუსეთის, თურქეთის, პოლონეთის, შვედეთის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, პოლონეთის ჩემპიონი და რუსეთის ვიცე-ჩემპიონი. რამდენიმე წელი ვთამაშობდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ვარ საკალათბურთო კლუბ “ბასტიონის” დამფუძნებელი, სადაც ამჟამად მწვრთნელად ვმუშაობ.
- სხვადასხვა აზრი არსებობს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2013 წლის 15 ნოემბრის სხდომის დადგენილების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს 2013 წლის 11 დეკემბრის არჩევნები. აღნიშნული დადგენილების შესახებ თქვენ რა აზრის ბრძანდებით?
- აღნიშნულ დადგენილებას ვეთანხმებით მე, ბოისა და გაბრიჩიძე. განსხვავებული აზრი მხოლოდ ახვლედიანსა და მის მომხრეებს აქვთ.
- თქვენ რატომ ეთანხმებით აღნიშნულ დადგენილებას?
- შევხვდი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ვიზიარებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოსაზრებას. ისინი თანახმანი არიან ამ დადგენილებით ჩატარდეს 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები და მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი. მხოლოდ ახვლედიანი ამბობს, რომ ამ დადგენილებით ჩატარებული არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური. ვინ მისცა ახვლედიანს ამის თქმის უფლება. რასაც ის ამბობს, ყველაფერი თითიდან გამოწოვილი ამბებია და მეტი არაფერი. მისი ერთი და იგივეს მტკიცება მოსაბეზრებელი გახდა. ეს საბუთი (15 ნოემბრის დადგენილება) საჯარო რეესტრში გატარებული იურიდიული დოკუმენტია. თუ ვინმეს რაიმეში ეჭვი ეპარება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
- ახვლედიანი და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ საპრეზიდენტი არჩევნებში საკალათბურთო კლუბებს, რომლებსაც ამჟამად ერთი ხმა აქვთ, უფრო მეტი ხმა უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ რას გვეტყვით?
- ჩვენ არ ვართ საკლუბო ქვეყანა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბებს სხვებთან შედარებით პრიორიტეტი ვერ ექნებათ. მიმუშავია კლუბებში და კარგად ვიცი, იქ რაც ხდება. რატომ არ გადადის სუპერლიგის მონაწილე ყველა გუნდი საკლუბო სისტემაზე. იმიტომ, რომ საკლუბო სისტემის დროს კარგად ჩანს თანხა სად მიდის, რაც კლუბებს არ აწყობთ. სამწუხაროდ, დღეს კლუბებში კალათბურთელები დაუცველები არიან. სუპერლიგის მონაწილე სამი გუნდის (თსუ, სტუ, თსსუ) დაშლის შემდეგ 60-მდე კალათბურთელი უმუშევარი დარჩა. ვინმემ იზრუნა მათზე? სუპერლიგის მონაწილე გუნდებში მუშაობის დროს ხშირი იყო შემთხვევები, როცა კალათბურთელები ვარჯიშებზე არ დადიოდნენ, რადგან გზის ფული არ ჰქონდათ ...
- თქვენი აზრით ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?
- სუპერლიგის მონაწილე თითოეული გუნდის კალათბურთელის ხელფასი 1500 ლარს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. მშიერი კალათბურთელი არ უნდა იყოს. კალათბურთელი და მწვრთნელი უნდა იყოს დაცული.
- თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რას გააკეთებთ?
- პირველ რიგში მივხედავდი ბავშვთა და ქალთა კალათბურთს და დავიცავდი კალათბურთელების, მწვრთნელების და მსაჯების უფლებებს. თუ ვინმეს უნდა სერიოზული კლუბის გაკეტება მისთვის კალათბურთელისთვის მინიმუმ 1500 ლარის გადახდა პრობლემა არ უნდა იყოს.
- საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობა განსხვავებულ აზრს ვერ იტანდა და ხშირად ერეოდა პრესის მუშაობაში. მაგალითად, პირადად მე, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი თამაშის შემდეგ გამოთქმული აზრის გამო, პრესკონფერენციაზე არ დამიშვეს. თქვენი პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში ანალოგიური ქმედებას თუ ექნება ადგილი?
- მასმედია რომ თავისუფალი უნდა იყოს, ეს ჩემთვის სადავო არაა და იოტისოდენა ეჭვს არ იწვევს.
- ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს კონტრაქტს თუ გაუხანგრძლივებდით?
- კოკოშკოვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დროს იყო დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. მე მას 100 პროცენტით ვუცხადებ მადლობას, მაგრამ ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ მან საქართველოს ნაკრებში თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ნაკრები უფრო გამოცდილ მწვრთნელს უნდა ჩავაბაროთ.
- საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი გუნდის შესახებ რას გვეტყვით?
- რა თქმა უნდა, მე მყავს ჩემი გუნდი, მაგრამ რადგან მე, ბოისას და გაბრიჩიძეს თითქმის ერთნაირი გეგმა გვაქვს არ გამოვრიცხავ, რომ გავერთიანდეთ.