ჭადრაკი

14:13 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასპაროვმა საქართველოს კამერუნი ამჯობინა

ნონა და მაიამ გარის სპეციალური განცხადებით მიმართეს


2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლად საქართველოს დასახელება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა, მოვლენები ჩვენთვის არასასიამოვნოდ ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მომავალი ტურნირისთვის ლოგოს შესაქმნელად კონკურსიც კი გამოაცხადა, რომელშიც კახა ჩხაიძის ნამუშევარმა იმარჯვა, თუმცა, შესაძლოა, ეს ფუჭი შრომა გამოდგეს.

საქმე ის გახლავთ, რომ 2018 წლის ოლიმპიადის მასპიძლობის სურვილი კამერუნმა გამოთქვა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა ფიდე-ს პრეზიდენტი – რუსი კირსან ილუმჟინოვი, აქაოდა, აფრიკაში ოლიმპიადა არასდროს ჩატარებულა და ეს გამორჩეული მოვლენა იქნებაო.

გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს აფრიკელთა საჭადრაკო ცხოვრებაში ჩართვა მაინცდამაინც 2018 წელს და მაინცდამაინც საქართველოს ხარჯზე და ისიც ცხადია, რომ მოჭადრაკეთა უმრავლესობა ნაცნობ საქართველოში ჩამოსვლას ამჯობინებს, ვიდრე – კამერუნში მოგზაურობას.

აღნიშნულით იდეით უკმაყოფილება უკვე ბევრმა მოჭადრაკემ გამოთქვა, ყველაზე მოულოდნელი კი ის გახლდათ, რომ აფრიკელთა მხარე დაიჭირა გარი კასპაროვმა. ლეგენდარულ მოჭადრაკეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ახლო ურთიერთობები აკავშირებს და თითქოს, ჩვენი ქვეყნის მეგობრადაც ითვლება, მაგრამ ამჯერად არჩევანი კამერუნზე შეაჩერა, რითაც ყველა გააოცა.

კასპაროვის განცხადებას სპეციალური მიმართვით გამოეხმაურნენ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გავეცანით რა, გარი კასპაროვის განცხადებას 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატის საქართველოს წინააღმდეგ, ვერ ვმალავთ ჩვენს იმედგაცრუებას და გულისტკივილს.

ჩვენ გვინდა გარის შევახსენოთ, რომ მისი პირველი წარმატება საქართველოსთანაა დაკავშირებული, როდესაც 1976 წელს ის გახდა საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა ჩემპიონი. მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო. საქართველოსთვის და ქართველი მოჭადრაკეებისათვის ის ყოველთვის იყო და იქნება მსოფლიოს გამორჩეული ჩემპიონი, რომლის გუნდის წევრები იყვნენ ჩვენი მოჭადრაკეები: ზურაბ აზმაიფარაშვილი და გია გიორგაძე.

საქართველოში ყოველთვის პატივისცემით მასპინძლობდნენ მას და გულისყურით ეკიდებოდნენ მის ყოველ პროექტს.

იმედი გვაქვს, ეს წინასაარჩევნო დაძაბულობა გაივლის და გარი გადახედავს მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი, სადაც მას ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს.

ჩვენი ქვეყნისათვის გახდეს 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომლითაც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოში ჭადრაკის განვითარების (2014-2018 წ.) სახელმწიფო პროგრამა.

საქართველოს იყო, არის და იქნება საჭადრაკო ქვეყანა თავისი მდიდარი ტრადიციებით და მომავალი პერსპექტივებით.

2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ელჩები:

მსოფლიო 5-გზის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე

თბილისი, 4 ივნისი 2014 წელი”.

 

დასასრულ მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ოლიმპიადა ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში ჩატარდება, 2016 წელს ტურნირს – აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მიიღებს, 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლად კი სამხრეთ კორეა მოიაზრება.

0.148365