ფეხბურთი

13:39 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” გადავა”

 ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ პარიზში “ბარსელონას” შეხვდება. ამ მატჩისადმი ინტერესი დიდია, გულშემატკივართა ყურადღება კი ერთმა ამბავმაც მიიპყრო, რომელმაც ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების ინტრიგა კიდევ უფრო გაამძაფრა. საქმე ისაა, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პარიზელთა დამრიგებელ კარლო ანჩელოტის მისი გუნდისა და კატალონელთა დაპირისპირების ბოლო მატჩების ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა, თანაც, “ბარსელონას” თამაშის ძლიერ და სუსტ მხარეებზე დეტალურად მიუთითა. ამ ცნობას პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe ავრცელებს და დასძენს, რომ მოურინიოს კარგი ურთიერთობა აქვს ანჩელოტისთან, “პარი სენ ჟერმენის” სპორტულ დირექტორ ლეონარდოსა და კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფისთან. გთავაზობთ ინტერვიუს კარლო ანჩელოტისთან და შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა “კამპ ნოუზე” 10 აპრილს ჩატარდება.

 

- საინტერესოა, რა ხასიათზე დადექით, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში წილისყრამ “ბარსელონა” გარგუნათ?

- კატალონურ გრანდთან ძალის მოსინჯვა ჩვენთვის ერთგვარი ტესტი იქნება. წარმოუდგენლად რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგე გვერგო, ამასთან კენჭისყრით კმაყოფილი ვარ. მიმდინარე სეზონის სტარტის წინ “ბარსელონასთან” ტესტ-მატჩი გავმართეთ და ის შეხვედრა 2:2 დასრულდა. ცხადია, ამჯერად რადიკალურად განსხვავებული დაძაბულობისა და მნიშვნელობის პაექრობების ჩატარება მოგვიწევს. კატალონელები უფრო გამოცდილები არიან, ამიტომაც ობიექტურად ნახევარფინალში გასვლის მეტი შანსი აქვთ, თუმცა, ჩვენ იოლად დანებებას არ ვაპირებთ და შევეცდებით საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ.

- დიდი რეზონანსი გამოიწვია ჟოზე მოურინიოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა...

- მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ურთიერთდაპირისპირებები მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენაა და მათი დეტალური შესწავლა სასარგებლოა. თუკი მოურინიოს ჩვენთვის რჩევის მოცემა სურს, რატომ უნდა ვთქვათ უარია ასეთი გამოცდილი სპეციალისტის დარიგებაზე? სეუ ჟოზეს მადლობელი ვარ, თუმცა, “ბარსელონას” სათამაშო სტილი და მისი განეიტრალების მეთოდი ისედაც კარგად გვაქვს გაანალიზებული.

- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოაცხადა, რომ საოჯახო პირობების გამო მომავალ ზაფხულს პსჟ-ს დატოვებს და კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს...

- “იუვენტუსთან” შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ, რომლის ძალით ზლატან იტალიაში გადავა. სატრანსფერო თანხა ჩემთვის უცნობია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ “პარი სენ ჟერმენი” სოლიდურ თანხას მიიღებს შვედი ცენტრფორვარდის სანაცვლოდ. იბრაჰიმოვიჩის გაშვება არ გვინდოდა, თუმცა, მან აპენინის ნახევარკუნძულზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა და ფეხბურთელის ნებას არ შევეწინააღმდეგეთ. სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული მუშაობის ჩატარება მოგვიწევს, რათა იბრაჰიმოვიჩის სათანადოდ შემცვლელი შევიძინოთ.

- დევიდ ბექჰემი პსჟ-ში დარჩება?

- კლუბის ხელმძღვანელობას ბექჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი აქვს.დევიდი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ნამდვილი პროფესიონალია. პირადად, როგორც მთავარი მწვრთნელი მოხარული ვიქნები, თუკი ბექჰემთან მუშაობის საშუალება მომავალ სეზონშიც მომეცემა.

თეგებიანჩელოტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111359